სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტი წარმოადგენს საქართველოში უმაღლესი ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში
განათლების ერთ-ერთ უმთავრეს კერას. ფაკულტეტს დიდი ხნის ისტორია აქვს.
ფილოლოგიური ფაკულტეტი ასეთი სახელწოდებით დაარსდა 1954 წელს მ. გორკის სახელობის
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ კიდევ 1937 წლიდან არსებობდა
ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი, რომელიც გაიყო ორ ფაკულტეტად: ლიტერატურულ და
ისტორიულ ფაკულტეტებად; ზუსტად იმავე წელს პირველად ინსტიტუტში გაიხსნა ქართული
სექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა. კიდევ უფრო ადრე, 1933 წელს,
შეიქმნა რუსული ენის კათედრა (ინსტიტუტის დაარსებიდან ერთი წლის თავზე); 1937
წლიდან დაარსდა რუსული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრა. ინგლისური
ენის კათედრის ათვლის წერტილად ითვლება 1938 წელი, ხოლო გერმანული ენის კათედრა
შედარებით ახალგაზრდაა, ის დაარსდა 1981 წელს. ისტორიის კათედრა არსებობს
1938/1939 სასწავლო წლიდან, მის ბაზაზე შეიქმნა სსრკ ისტორიისა და მსოფლიო
ისტორიის კათედრები.
2006 წლიდან ფაკულტეტი აერთიანებდა ორ მსხვილ
მიმართულებას: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ხოლო 2009 წელს ფაკულტეტს
გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ნაწილი და საბოლოოდ ჩამოყალიბდა
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახით.
სხვადასხვა დროს ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ: ევგენია არსენიევა, პაველ არძინბა, შოთა არისთავა, რევაზ სალია.
ხოლო ომის შემდგომ, უკვე თბილისში 1994 წლიდან დეკანებად მუშაობდნენ რევაზ სალია,
ლეონიდე ჯახაია, მერაბ ნაჭყებია, ჯამბულ ანჩაბაძე, დავით ჩიტაია, ვახტანგ ჭანია,
შოთა კვირტია, ლედა ქობალია. 2023 წლიდან ფაკულტეტს
ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა.
ფაკულტეტზე სწავლება სამ საფეხურზე მიმდინარეობს. მოქმედებს 7 საბაკალავრო პროგრამა:
·
ქართული ფილოლოგია
(სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული)
·
აფხაზური ფილოლოგია (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული)
·
ისტორია
(სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული)
·
არქეოლოგია
(სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული)
·
ინგლისური ფილოლოგია
·
რუსული ფილოლოგია
·
გერმანული ფილოლოგია
4 სამაგისტრო პროგრამა:
·
ქართული ფილოლოგია (მოდულები: ქართველური ენათმეცნიერება, ქართული
ლიტერატურათმცოდნეობა).
·
ისტორია
(მოდულები: საქართველოს ისტორია, მსოფლიო ისტორია)
·
კულტურათაშორისი კომუნიკაციები
·
ინგლისური ფილოლოგია
4
სადოქტორო პროგრამა:
·
საქართველოს ისტორია
·
არქეოლოგია
·
ქართველური ენათმეცნიერება
·
თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია.
გარდა ამისა, ჰუმანიტარულ მენციერებათა
ფაკულტეტზე რეალიზებულია:
ქართულ
ენაში მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანელი, სომეხი,
აფხაზი და ოსი ეთნიკური მსმენელისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების რეალიზებას უზრუნველყოფს 56 არჩეული აკადემიური პერსონალი, მათ შორის 10 პროფესორი, 42 ასოცირებული პროფესორი, 4 ასისტენტ-პროფესორი.
