ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-27

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ჯონი აფაქიძის გაცილება

ჯონი აფაქიძის გაცილება

27 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს შეხვდა. მან საბჭოს წევრებთან  უნივერსიტეტის განვითარების გეგმაზე ისაუბრა, ამასთანავე შეეხო აფხაზეთის თემას და აღნიშნა, რომ ერთობლივი საქმიანობით შეძლებენ მრავალი საჭირბოროტო საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტას.

ამავე დღეს ბატონი ზურაბ ხონელიძის ინიციატივით უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ყოფილი რექტორი, ბატონი ჯონი აფაქიძე უნივერსიტეტიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს. მანამდე კი მასთან  დასამშვიდობებლად სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ. 

წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, ქალბატონმა ლარისა თაკალანძემ ისაუბრა ბატონი ჯონის რექტორობის პერიოდზე, მის სამეცნიერო დამსახურებაზე,  პიროვნულ ღირსებებზე და უბრალოდ, როგორც მეგობარზე.

ბატონ ჯონის თითქმის მთელი უნივერსიტეტი თბილი სიტყვებით აცილებდა. გამომსვლელებს შორის იყვნენ პროფესორები: ვახტანგ ჯაფარიძე, ზურაბ პაპასქირი, სოფიო გვარამია, შოთა ახალაია, ავთანდილ ხაზალია, ნინო თოფურიძე, ოთარ ჟორდანია, ვეფხია გვარამია და სხვები.

რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ ამ მცირე ხანში მათ დამეგობრება მოასწრეს. ისაუბრა ბატონი ჯონის დამსახურებაზე უნივერსიტეტის წინაშე, აგრეთვე უნვერსიტეტში  სამომავლოდ ჩასატარებელ სამუშაოებზე და საკუთარი გეგმების განხორციელების რეალურ გზებზე.  

და ბოლოს, ბატონმა ჯონი აფაქიძემ უნივერსიტეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიუხედავად მისი სამეცნიერო მოღვაწეობის საზღვარგარეთ გაგრძელებისა, ის კვლავაც რჩება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით პროფესორად.     

შეგახსენებთ, რომ პროფესორი ჯონი აფაქიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად 2007 წლიდან მუშაობს. სულ ახლახან, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორად მისი მუშაობის 10 წელი განსაკუთრებული ჯილდოთი აღნიშნა და ბატონ ჯონი აფაქიძეს წმინდა თამარ მეფის ძვირფასი თვლებით შემკული ბეჭდის ასლი უსახსოვრა.

გერმანელ მეცნიერთა საზოგადოებამ ბატონ ჯონის ცნობილი გერმანელი მეცნიერის, მერკატორის (Merkator-Fellow) სახელობის სამეცნიერო პოზიცია მიანიჭა, რაც მას ხანგრძლივი დროის მანძილზე, გერმანიაში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლექტივი გულთბილად ემშვიდობება ბატონ ჯონის და წარმატებებს უსურვებს შემდგომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

ფოტო გალერეა