ღონისძიებები

  • თემები:

    განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა

  • მასპინძელი:

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • მდებარეობა:

    ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186

  • დაწყების თარიღი:

    2017-07-24

  • დაწყების დრო:

    15:00 საათი

  • გაზიარება:
  • ამობეჭდვა
ახალი რექტორის პირველი დღე

ახალი რექტორის პირველი დღე

დღეს, 24 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ბატონმა ჯონი აფაქიძემ, ახალ რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს, უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. ღონისძიებას დაესწრნენ: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გია გვაზავა, გენერალი გია გულუა, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, მწერალი გურამ ოდიშარია და მედიის წარმომადგენლები.  

ყოფილი და ახალი რექტორის შესახვედრად უნივერსიტეტის თანამშრომლები ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. 

ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტს საგანგებოდ ეწვია გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, რომელიც უნივერსიტეტის დიდი მეგობარია, დალოცა ბატონი ზურაბი, სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი  გადასცა.  

რექტორის პირველი დღე სამსახურის უფროსებთან და ფაკულტეტების დეკანებთან შეხვედრით დაიწყო. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ჯონი აფაქიძეს, აკადემიურ საბჭოს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და აღნიშნა, რომ ის ღირსეული უნივერსიტეტის ღირსეული რექტორი იქნება.

-„მე მინდა ეს პერიოდი უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი იყოს. უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და ვიაროთ ევოლუციის გზით. ორიენტირი უნდა ავიღოთ ცოდნაზე და ჩვენი მიზანი უნივერსიტეტის წინსვლა უნდა იყოს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დევნილი უნივერსიტეტია, მას თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი გახდეს ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის აღმდგენი ხიდი.“- ბრძანა ბატონმა ზურაბმა.

მან კოლექტივს ასევე შესთავაზა უნივერსიტეტის ახალი ლოგო „ცოდნა-აღმაშენებელი“, რომელშიც იდეურად გაერთიანებული იქნებოდა უნივერსიტეტის მთავარი მისია და აფხაზეთი.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ბატონები: გია გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია, ოთარ ჟორდანია, ნუგზარ რუხაძე, გია ანჩაბაძე, გურამ ოდიშარია და სხვები. მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს ბატონ ზურაბს და წარმატებები უსურვეს მთელ პერსონალთან ერთად.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ბატონმა ჯონი აფაქიძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვისაც მისი რექტორობის პერიოდში უმუშავია. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა ბატონ ზურაბ ხონელიძეს და აღნიშნა, რომ ახალი რექტორი ღირსეული, წარმატებული, პატიოსანი და საამაყო ადამიანია და ბედნიერია,  რომ უნივერსიტეტის სათავეში სწორედ ასეთი პიროვნება იქნება. თავად კი რჩება უნივერსიტეტის პროფესორად და მკვლევარად.

ახალი რექტორის პირველ სამუშაო დღეს მეუფე ანდრიამ დალოცა უნივერსიტეტი, მისი თანამშრომლები, სტუდენტები და ბატონი ზურაბ ხონელიძე, რომელიც  უნივერსიტეტის წინსვლისთვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად აკურთხა.

ფოტო გალერეა