news

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ სტიპენდიები ათმა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის 10 წარჩინებულ სტუდენტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, სტიპენდია დაუნიშნა.

 

2021 წლის 15-21 ნოემბრის ჩათვლით, სტუდენტთა კვირეულისა და  კამპანია მომავალი პედაგოგის“ ფარგლებში, სტუდენტური ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში გაიმართება. ღონისძიების ინიციატორი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და 6 პარტნიორი უნივერსიტეტია. ეს უმაღლესი სასწავლებლებია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი,  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტი.

 

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა, რომელიც მეხუთე წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, გასულ წელს სპეციალური სტიპენდიებიც დააწესა იმ წარმატებული სტუდენტებისთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. წელს მათი ყურადღების ცენტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოექცა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარმატებულ სტუდენტს 10 თვით სტიპენდიებიც დაუნიშნა. ორგანიზაციასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შესაბამის ხელშეკრულებას 2021 წლის 17 ნოემბერს მოეწერა ხელი.

 

ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ კერვალიშვილმა სსუ-ის განათლების ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს მიულოცა ფონდის სტიპენდიანტობა და სამომავლოდ არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ჩართვა შესთავაზა.

 

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, მადლობა ბატონ ზურაბ კერვალიშვილს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა: „განათლება არის სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველი. მასწავლებლები, რომლებიც მომავალი თაობის აღზრდაზე ზრუნავენ, თავად უნდა იყვნენ მისაბაძი მაგალითები ყველა სფეროში. „გუდავაძე-პატარკაციშვილის  ფონდის“ ინიციატივა, ხელი შეუწყოს მომავალი მასწავლებლების განვითარებას და წაახალისოს ისინი, მისასალმებელია. თავის მხრივ კი უნივერსიტეტს ჰყავს საამაყო სტუდენტები, რომლებიც მომავალში საზოგადოებრივ ასპარეზზე თავის სახელს არაერთხელ გააჟღერებენ“.

 

აღსანიშნავია, რომ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მიზანია  მასწავლებლის პროფესია უფრო მიმზიდველი გახდს, პოპულარიზაცია გაეწიოს პედაგოგიური მიმართულებით სწავლას და ერთმანეთს დააკავშიროს მოქმედი წარმატებული და მომავალი პედაგოგები.

 

ღონისძიების ფარგლებში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა, პედაგოგმა ლელა კოტორაშვილმა სსუ-ის სტუდენტებისთვის ჩაატარა სპეციალურ ვორქშოფი: „მოსიარულე გაკვეთილები“, დასასრულს კი მათ საჩუქრად წიგნები გადასცა.

Photo gallery