სიახლეები

17 სექტემბერს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს აკადემიურმა  და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და მაღალი კურსის სტუდენტებმა  ტრადიციულად,   საზეიმო დახვედრა მოუწყეს

17/09/2018

17 სექტემბერს,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელებს აკადემიურმა  და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და მაღალი კურსის სტუდენტებმა  ტრადიციულად,   საზეიმო დახვედრა მოუწყეს.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა, ისაუბრა უნივერსიტეტის მისიასა და  გეგმებზე  და განაცხადა: „-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია, მისი განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე, ხარისხიან განათლებასთან ერთად თავის ფესვებთან გაერთიანებას, სოხუმში დაბრუნებას გულისხმობს“.

 აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის შვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოზიტიურ სახეცვლილებას, აღნიშნა თაობათა შორის ფასეულობათა მემკვიდრეობით გადაცემის აუცილებლობა და გამოთქვა სურვილი, რომ ეს პროცესი მომავალშიც ასევე გაგრძელდეს.

საზეიმო ცერემონიალზე უნივერსიტეტს ეწვიენ უმაღლესი დიპლომატიური რანგის სტუმრები:

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება პასკალ მენიე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები:

 ქრისტოფერ დევენპორტი - პრესისა და ინფორმაციის ატაშე და ქეით ნათი - საგარეო ურთიერთობების და სეპარატისტული კონფლიქტების პოლიტიკური განყოფილების უფროსი, რომლებმაც გულთბილად მიულეცეს სტუდენტებს სწავლის დაწყება.

საზეიმო მიღებაზე უნივერსიტეტს ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ეწვია და  პირველკურსელებს სააქტო დარბაზში შეხვდა. ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტის როლზე და აღნიშნა: „- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად ახალ -ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს უმაღლესი განათლების სისტემას  და საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. იმედი მაქვს ძალიან მალე თქვენი უნივერსიტეტი ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. თქვენი მოვალეობაა მიიღოთ სათანადო განათლება, რათა აქ მიღებული ცოდნა გამოიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ,  ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“.

 მოგვიანებით რექტორთან ფრანგი და ამერიკელი სტუმრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გია გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ქალბატონი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებამ რექტორის თხოვნით წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს უდიდესი მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის, ჯონ მაკკეინის ხსოვნას.

მრგვალ მაგიდასთან გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები, ახლად დაარსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიზნები და „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ახალ, ინოვაციურ პლატფორმად ჩამოყალიბების პერსპექტივები.

სტუმრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს რექტორის ხედვებს და გამოთქვეს იმედი, რომ შემდგომი შეხვედრისთვის,  ამ მიმართულებით,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

ფოტო გალერეა