სიახლეები

ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომრის ონლაინ-პრეზენტაცია

2020 წლის 26 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების თაოსნობით გაიმართა ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის I ნომრის ონლაინ-პრეზენტაცია.

შეხვედრის მოდერატორი გახლდათ სსუ პროფესორი და ამავე ჟურნალის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, პროფესორი მარიამ მირესაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი რონალდ ნიჟარაძე, ჟურნალ „რიწის“ რედაქტორი, მწერალი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი ნანა ქარდავა, ჟურნალის საკონსულტაციო საბჭოს წევრები: სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, დეკანის მოადგილე ფილოლოგიის დოქტორი ნინო მაშია, ასოცირებული პროფესორები – ნანა კუცია, მარინა ტურავა, მირანდა თოდუა; სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი დავით სახელშვილი.

ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერი ზვიად გამსახურდიას ეძღვნება. სიმბოლურად, საინტერესოდ და მრავალწახნაგოვნად არის წარმოდგენილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც, უნაკლოდაა აგებული კომპოზიციურად. ერთმანეთს ლოგიკურად ენაცვლება პოლიტიკა, დოკუმენტური პროზა, ლიტერატურული წერილები, თარგმანი, კრიტიკა, მოგონებები, ფოტოარქივი. მკითხველი ზვიად გამსახურდიას ეცნობა არამხოლოდ როგორც ეროვნულ გმირს, ეროვნული ცნობიერების გამღვიძებელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს, არამედ როგორც ღრმად მოაზროვნე მკვლევარს, მეცნიერს, რუსთველოლოგს, მთარგმნელს, შემოქმედს.

შეხვედრამ თბილ, საქმიან ვითარებაში ჩაიარა და მონაწილეებმა შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

ფოტო გალერეა