სიახლეები

შეიძლება არსებობდეს კონფლიქტების მოგვარების გზა

ინტერნეტ-გამოცემამ „GEORGIATODAY

2021 წლის 15 აპრილს ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტის,

ამერიკანისტის, ბატონ ნუგზარ რუხაძის წერილი

„ThereMay Be a Way to Resolve the Conflicts“ .

გთავაზობთ ამ სტატიის ქართულ თარგმანს, რომელიც შესრულებულია

ქალბატონ მარიამ გამსახურდიას მიერ.



საქართველოში არის პოლიტმეცნიერი, რომელიც ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული „გაყინული" გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება შესაძლებელია. მავან სახელმწიფო მოხელეს ეს, შეიძლება, ხმამაღალ განცხადებად მოეჩვენოს, თუმცა, ამ განცხადებას ნამდვილად დიდი წონა და მუხტი აქვს, ისევე, როგორც მოსაზრებებს იმ სისხლიანი კონფლიქტების დასრულების შესახებ, რომელიც საბჭოთა კავშირის ხმაურიანი დაშლის შედეგად წარმოიშვა, და რუსეთი დღესაც აღვივებს.

მსოფლიო ბევრ გადაუჭრელ კონფლიქტს იცნობს, თუმცა, არ ძალუძს მათი მოგვარება. ასეთი უძლურების მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მსოფლიოს არ ცდილობს ჩაუღრმავდეს ამ კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს. უნდა შეიცვალოს მიდგომა კონფლიქტების მოგვარების ხელოვნების მიმართ. ამისთვის საჭიროა ახლებური ხედვისა და გონივრული სტრატეგიული შეხედულებების წამოყენება, რომელიც დაეფუძნება რეალურ შესაძლებლობებს და გამყარებული იქნება ინტელექტუალური არგუმენტებით. მიზანი კი, არის ისეთი ღირებულებებისადმი ნდობის წახალისება, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული. არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ეს შეიძლება არც თუ ძალიან დამაჯერებლად ჟღერდეს, თუმცა ის მტკიცე რწმენა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, შეიძლება, იყოს გამოსავალი ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ დაუსრულებელი კონფლიქტების შედეგად ვზარალდებით. რთული მდგომარეობიდან გამოსავალი არის რაღაც ახლის შექმნა და არა მუდმივად ერთი და იმავე ადგილის ტკეპნა.

რატომ არსებობს კონფლიქტები და რატომ ვერასდროს აგვარებენ მათ? კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო საერთაშორისოდ აღიარებული ტრიადა გულისხმობს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანოებს. არსებული პოლიტიკური წარმოდგენების მიხედვით, თითოეული მათგანის არსებობა უმნიშვნელოვანესია კონფლიქტის მოგვარების პროცესში, თუმცა არა საკმარისი. ამ სამი ორგანოდან არცერთი არ არის სტატუსით, აზროვნებითა და მოქმედებებით იმდენად დამოუკიდებელი, რომ კონფლიქტის მოგვარების მიზანს ემსახუროს. ისინი გამუდმებით დავობენ კონფლიქტის შედეგებზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე, რის გამოც ეს მიზეზები შეუმჩნეველი და ხელშეუხებელი რჩება. უფრო მეტიც, მათი ძალისხმევა არასდროს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იპოვონ და შეისწავლონ ამ მიზეზების წყაროები. მოკლედ რომ ვთქვათ, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ამ სამივე ორგანოს შესაძლებლობები შეზღუდულია. ისინი ვერაფერს წყვეტენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, უფრო ხშირად კი, ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ისინი არა მხოლოდ არ ემსახურებიან კონფლიქტის მოგვარებას, არამედ ზოგჯერ თვითონაც ხდებიან კონფლიქტის მსხვერპლი. მთავრობები თავისუფალნი არიან თავიანთი საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებისა და საკუთარი ძალაუფლების გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა, არასოდეს არ წავლენ იმაზე, რომ საფრთხე შეუქმნან თავიანთ ყოფნას ხელისუფლებაში. აქტიურობის მიზნითა და თავიანთი ფუნქციის განხორციელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები იყენებენ როგორც შიდა, ისე გარეშე დაფინანსებას, და ცდილობენ დააკმაყოფილონ საგრანტო მოთხოვნები თავიანთ დონორთა გეგმების განხორციელებისას. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში კი, მუშაობენ ინდივიდები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, კარგი და ნიჭიერი ადამიანები იყვნენ, ხშირად, სრულად ვერ აფასებენ იმ რეალობას, რომლის ნაწილიც არიან. რაც შეეხება, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ისინი წარმოადგენენ კლუბის მაგვარ გაერთიანებებს, სადაც თითოეული ქვეყანა საკუთარი ინტერესისთვის იბრძვის.

 ჩვენ გვსურს ზემოთ ხსენებული ტრიადის ხელთ არსებული რესურსების ერთი მიზნისთვის გაერთიანება და ახალი სტრატეგიული გეგმის შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი იქნება. კიდევ ერთ ბრძოლას ვერ გადავიტანთ! გეგმა უნდა დაეფუძნოს შესაბამის განათლებას, მოქმედ მეცნიერებასა და ენერგიით სავსე ახალგაზრდობას. ამ ყველაფერს კი თავს უყრის საუნივერსიტეტო სივრცე – ყველაზე პროგრესული, პრაგმატული და ადექვატური გარემო მსგავსი გეგმის შესამუშავებლად და განსახორციელებლად. სამოქმედო იარაღი კი არის ახლად შექმნილი ინსტრუმენტი – საუნივერსიტეტო დიპლომატია, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სამყაროს წარვუდგინოთ მშვიდობის ქართული პარადიგმა, საქართველო გახდეს რეალური საერთაშორისო მოთამაშე, საქართველომ შეიძინოს საერთაშორისო გარემოს შესაბამისი ახალი ფუნქცია, საქართველომ განახორციელოს თავისთვის მომგებიანი პოლიტიკა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი იქცეს საერთო სივრცედ, სადაც თითოეულ მოთამაშეს თავისი საკუთარი სარგებელი ექნება, და სადაც კონფლიქტები გვარდება ხოლმე.


სტატია ეფუძნება პოლიტიკურ მეცნიერთა დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის თეორიას.





  ნუგზარ ბ. რუხაძე

ფოტო გალერეა