სიახლეები

მძიმე დანაკარგი

გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის, მათემატიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ბატონი ხიმურ რუხაია.

ხიმურ რუხაია დაიბადა1946 წლის 5 ოქტომბერს პედაგოგების, მიხეილ რუხაიასა და ნინო კუციას ოჯახში, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. პროფესიით მამა იყო ისტორიკოსი, დედა - ქიმიკოსი. მას შემდეგ, რაც მამა სოფელ ახალი კინდღის სკოლის დირექტორად დანიშნეს, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში. 1963 წელს ხიმურიმ დაამთავრა ახალი კინდღის საშუალო სკოლა.

1968 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, ბატონი ხიმური სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობდა ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. მისი კვლევის ინტერესთა სფერო იყო კლასიკური და კომპიუტერული ლოგიკა. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია და ხუთი სახელმძღვანელო, ავტორია 6 გამოგონების.

ბატონი ხიმურის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კონფერენცია, სიმპოზიუმი და სეზონური სკოლა. მათ შორის აღსანიშნავია საკავშირო კონფერენციები მათემატიკურ ლოგიკაში და ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმიენა, ლოგიკა და გამოთვლები“.

ცხოვრების დატვირთული რითმის მიუხედავად, მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი აფხაზეთთან. წლების განმავლობაში (1980-იანი წლები) კითხულობდა ლექციებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი. ბატონი ხიმური რეგულარულად ჩამოდიოდა სოხუმში და მიჰყავდა კურსი მათემატიკური ლოგიკა“. იმ წლებში აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი და მათემატიკის კათედრის გამგე ყო პროფესორი ალეკო გვარამია.

აფხაზეთში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, პროფესორი ხიმურ რუხაია მხარში ამოუდგა საქართველოს დედაქალაქ თბილისში აღდგენილ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალს. შემდგომი წლები ვიდრე გარდაცვალებამდე, ბატონი ხიმური სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლდათ. მან მრავალ ახალგაზრდას გაუხსნა გზა მეცნიერებაში. თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა და ყველანაირად ეხმარებოდა მათ. მისი ხელმძღვანელობით ჩვენ უნივერსიტეტს 4 მეცნიერებათა კანდიდატი შეემატა.

ბატონი ხიმური იყო არა მარტო წარმატებული მეცნიერ-ხელმძღვანელი და კარგი მეგობარი, არამედ წარმატებული, კარგი ქართული ოჯახის წინამძღოლი მეუღლესთან ერთად. საამაყო შვილების მამა, ოთხი შვილიშვილის მოსიყვარულე ბაბუა.

მეუღლე ქრისტინე ჯმუხაძე-რუხაია განათლებით მათემატიკოსია. დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ავტომატიზირებული სისტემების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.

შვილები: ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი, მიხეილ, გიორგი და ვახტანგ რუხაიები. ნინო, სპეციალობით ეკონომისტი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასისტენტ-პროფესორია; მიხეილი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, . ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, გამოყენებითი ლოგიკისა და და პროგრამირების ლაბორატორიის გამგე და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია; გიორგი მათემატიკოსი, საფრანგეთის ინფორმატიკის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი; ვახტანგი – ქ. თბილისის171-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი.

უნივერსიტეტის მთელი კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ხიმურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებს.

ხიმურ რუხაია ყოველთვის დარჩება შესანიშნავი პედაგოგის, კეთილსინდისიერების, გულისხმიერების, პროფესიონალიზმის, ჰუმანურობის, მისაბაძი კოლეგისა და გულთბილი, საიმედო მეგობრის მაგალითად.

უფალმა საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს პროფესორ ხიმურ რუხაიას ნათელ სულს!

ფოტო გალერეა