სიახლეები

მადლობა ერთგულებისა და თავდადებისათვის

ქალბატონები ნელი ჭელიძე და ცისანა (ციცო) თოფურია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლორიტები და ამაგდარი თანამშრომლებია. ისინი არა ერთი ათწლეულია, რაც ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან. მათ ხელში  პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა არაერთმა თაობამ გამოიარა. იმ სტუდენტთა ნაწილი დღეს უკვე უნივერსიტეტის პროფესორი თუ ადმინისტრაციის თანამშრომელია. თავისი შრომისმოყვარეობით და უანგარობით, ქალბატონებმა ნელიმ და ციცომ სტუდენტთა და უნივერსიტეტის თანამშრომელთა დიდი სიყვარული დაიმსახურეს.

თუმცა, ხანგრძლივი შრომითი წლების შემდეგ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ქალბატონებმა ნელიმ და ციცომ გადაწყვიტეს პენსიაზე გასვლა. 2021 წლის 1 ივნისს, ნინოობას, ისინი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ეწვივნენ. ბატონმა ზურაბმა სტუმრებს ნინოობა მიულოცა და მრავალ ათეულ წლიანი ერთგული თანამშრომლობისთვის გულთბილი მადლობა გადაუხადა, რის ნიშნადაც მათ „მადლობის სიგელები“ გადასცა.

ამაგდარ თანამშრომლებს გულთბილი გაცილება მოუწყო უნივერისტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციამ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა კობა კორსანტიამ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ნანა გულუამ, სენატის წევრებმა – ასოცირებულმა პროფესორებმა, ციალა ძიძიგურმა, ანტონინა მსხილაძემ და ანტონ ჩიქოვანმა, ფაკულტეტის სხვა წარმომადგენლებმა (ასოცირებული პროფესორები ინგა გაბისონია და ეკა ესებუა) გაიხსენეს მათთან გატარებული წლები და ასევე მადლობა გადაუხადეს ფაკულტეტისა და უნივერისტეტის წინაშე გაღებული ღვაწლისათვის.

ქალბატონმა ნელიმ და ციცომ, აღნიშნეს რა, რომ პენსიაზე ყოფნის მიუხედავად, ისინი მუდამ უნივერსიტეტის გვერდით იქნებიან, ბატონ რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანს და ფაკულტეტის სხვა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს მათ მიმართ გამოხატული სითბოსა და გამოთქმული სიტყვებისათვის.

 

ფოტო გალერეა