სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2018

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება აწ უკვე ტრადიციულად ქცეული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2018“. ამჟამად ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პოპულარული ღონისძიების უმთავრესი მიმართულებაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვანი იუბილე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია ამ ფესტივალში აქტიურადაა ჩართული.

ამ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

Ø  ფესტივალის გახსნის დღეს (22 სექტემბერი) 11 საათზე თსუ-ს I კორპუსის ეზოში წარმოდგენილი იქნება სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მიღწევების (ახლადგამოცემული მონოგრაფიები, კრებულები) ამსახველი მასალა.

Ø  25 სექტემბერს სსუ ქიმიკოსები, ასოცირებული პროფესორ ანტონინა მსხილაძის ხელმძღვანელობით, მიემგზავრებიან ქ. ქუთაისში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ „სამეცნიერო პიკნიკში“ და წარმოადგენენ მეტად საინტერესო სანახაობრივ ღონისძიებას „ქიმიკოსის თვალით დანახული სამყარო“. მისამართი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ., 59; დასაწყისი: 14 სთ.

Ø  იმავე 25 სექტემბერს, 13 საათზე სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში  სსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა „ქალი მეცნიერებაში“.

Ø  26 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სამი ქართული უმაღლესი სასწავლებლის (წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ჩატარდება წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) 155 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს ისტორიის სწავლება და კვლევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლებში“. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #53ა; დასაწყისი: 12 სთ.

Ø  28 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს. კერძოდ:

1.    არნოლდ ჩიქობავას 120- იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენათმეცნიერების მიმართულება;

2.    პავლე ინგოროყვას 125- იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ორგანიზატორი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულება. დასაწყისი 10 საათზე.

3.    სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკა და ინოვაციები“. ორგანიზატორი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი                            დასაწყისი 10 საათზე.

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 1 ოქტომბერს დაიხურება. ფინალური საზეიმო ღონისძიებები 17 საათზე დაიწყება თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე:

Ø  17:00 – ფესტივალის დახურვის ღონისძიება;

Ø  17:30 – ევროპული აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა;

Ø  18:00 – კონცერტი დავით მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით.

 

დამატებითი ინფორმაცია და ფესტივალის პროგრამა იხილეთ ვებგვერდზე: http://sif.ge/

 

 

სსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა  და განვითარების დეპარტამენტი

ფოტო გალერეა