სიახლეები

მრგვალი მაგიდა თემაზე: „უმაღლესი განათლება ვირუსული ინფექციის COVID-19 პანდემიის პირობებში“

2020 წლის 29 დეკემბერს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „უმაღლესი განათლება ვირუსული ინფექციის COVID-19 პანდემიის პირობებში“, რომლის მიზანი იყო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პანდემიის პირობებში სწავლების ფორმირებისა და მიდგომების განხილვა, დისტანციური სწავლების პრობლემების წარმოჩენასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების დასახვა, უმაღლესი განათლების სფეროში ონლაინ-პლატფორმების გამოყენებისა და ასევე  წამყვანი უსდ-ს მოწინავე გამოცდილების გაზიარება. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმნენ შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი ხუბუა  (გერმანია), ნაციონალური უნივერსიტეტის „ჩერნიგოვის პოლიტექნიკი“ რექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  ოლეგ ნოვომლინეცი (უკრაინა), კუიავის უმაღლესი სკოლის რექტორი ადამ რეიმაკი  (პოლონეთი).

ნიშანდობლივია, რომ ზემოხსენებული რექტორები აქტიურად იყვნენ ჩართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში და საინტერესო მოხსენებებითა და მოსაზრებებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა,  შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გიორგი ხუბუამ ისაუბრა მსოფლიოში პანდემიის შედეგად უმაღლესი განათლების სფეროში შექმნილ ვითარებაზე, საუნივერსიტეტო განათლების პოსტპანდემიური პერიოდის განვითარების სტრატეგიებზე, უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების აუცილებლობაზე.  ხაზი გაუსვა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არა მარტო უნდა რეაგირებდნენ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე, არამედ აუცილებელია, რომ  ისინი პასიური მოლოდინის რეჟიმში არ იყვნენ, არამედ  საკუთარ თავზე აიღონ ინიციატივა და უზრუნველყონ სპეციალისტების მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნილებების შესაბამისად; ნაციონალური უნივერსიტეტის „ჩერნიგოვის პოლიტექნიკი“-ს რექტორმა, პროფესორმა  ო. ნოვომლინეცმა ისაუბრა უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში პანდემიის პირობებში ონლაინ-სწავლების პრობლემებზე და პერსპექტივებზე, ონლაინ-პლატფორმების გამოყენების თავისებურებებზე, ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა შეფასების,  ლაბორატორიული და პრაქტიკული  მეცადინეობების დისტანციურ რეჟიმში ჩატარების  სირთულეებზე.   

მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა ქვეყნის დარგის თვალსაჩინო და ცნობილმა წარმომადგენლებმაც, რომელთა თემატიკა მნიშვნელობით და აქტუალურობით გამოირჩეოდა (მოდერატორი – პროფესორი ლ. თაკალანძე):  თადეუშ  ტროჩიკოვსკი, მეცნიერებათა დოქტორი მენეჯმენტში, მეცნიერების კომერციალიზაციის ინსტიტუტის დირექტორი (პოლონეთი) – „ფიზიოთერაპიის ფაკულტეტის სტუდენტთა სწავლების ინოვაციური მოდელი ადამიანთა COVID-19-ით ავადმყოფობის შემდგომი რეაბილიტაციის სფეროში“;  ანდრეი შევცოვი,  უკრაინის ეროვნულ პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მ. დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი (კიევი, უკრაინა) – „სოციონომიური პროფესიების სპეციალისტთა მომზადება დისტანციური სწავლების ექსტრენული დანერგვის პირობებში“; ჟანეტა სიმანავიჩაინე, მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი, მდგრადი ინოვაციების ლაბორატორიის დირექტორი (ვილნიუსი, ლიტვა) – „ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში  სწავლების თავისებურებები პანდემიის პირობებში“; სტანისლავა კოვაჩოვა, ასოცირებული პროფესორი, რესურსების მართვისა და ბუნებათსარგებლობის კათედრა სატყეო-ტექნიკური უნივერსიტეტი (სოფია, ბულგარეთი)COVID-19 და „ბულგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების მიდგომები - შესაძლებლობები და გამოწვევები“;  ოლგა რუდენკო, მეცნიერებათა დოქტორი საჯარო ადმინისტრირებაში, პროფესორი, ნაციონალური უნივერსიტეტი „ჩერნიგოვის პოლიტექნიკი“ – „უმაღლესი  სასწავლებლები  უკრაინაში - მენეჯმენტი პანდემიის პირობებში“ და სხვ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოხსენება წარმოადგინა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზაურ ლომთათიძემ – „უმაღლეს სასწავლებელში პანდემიის პირობებში ლაბორა­ტორიული მეცადინეობების   დისტანციური სწავლება“.

 დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოლონელი, ბულგარელი, ლიტველი, უკრაინელი და სხვ. ქვეყნების მეცნიერები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წარმომადგენლები.    

დისკუსია-დებატების შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი საგულისხმო რეკომენდაციები, როგორიცაა დისტანციური სწავლების მოწინავე, ინოვაციური ფორმებისა და მიდგომების დანერგვა და  სამომავლო განვითარება, უნივერსიტეტებში სწავლების ინოვაციური მიდგომების ადაპტირება,   მსოფლიოს წამყვანი უსდ-ს მოწინავე გამოცდილების გაზიარება და სხვ. დასასრულს, გამოითქვა მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის ფორმებისა და ერთობლივი პროექტების ინიცირების შესახებ.

მუშაობის შედეგების მიხედვით მომზადდა მრგვალი მაგიდის რეზოლუციის პროექტი თემაზე: „უმაღლესი განათლება ვირუსული ინფექციის COVID-19 პანდემიის პირობებში“.

 

ფოტო გალერეა