news

მზადება ისტორიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმისათვის

2020 წლის 22 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) პროფესორი და თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრი, ისტორიის დოქტორი იბრაჰიმ თელლიოღლუ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი, ისტორიის დოქტორი როინ ყავრელიშვილი.

პროფესორები ი. თელლიოღლუ და რ. ყავრელიშვილი უკვე წლებია სათავეში უდგანან ქართველ და თურქ ისტორიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმს, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართება და მისი მასპინძელი, როგორც, 2019 წლის დეკემბერს, ქ. ანკარაში გამართულ III სიმპოზიუმზე გადაწყდა, იქნება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიკოსებიც, უკვე დიდი ავტორიტეტით და აღიარებით სარგებლობს ორივე მეგობარი ქვეყნის აკადემიურ წრეებში. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სიმპოზიუმი იმართება თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით, რაც იმთავითვე მიანიშნებს ამ ღონისძიებისადმი თურქეთის სახელმწიფოს მაღალ ყურადღებაზე.

სტუმრებს უმასპინძლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა  სიმპოზიუმისათვის მოსამზადებელ სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

ქართულ-თურქული ურთიერთობების ისტორიისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმის გამართვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხაზს უსვამს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის მაღალ აკადემიურ ავტორიტეტსა და მის დიდ მნიშვნელობას ქართულ-თურქულ ურთიერთობათა განმტკიცება-გაღრმავების საქმეში, რაც, განსაკუთრებით, აქტუალურია სსუ-ს რექტორ ზ. ხონელიძის მიერ ინიცირებული „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პროგრამის თვალსაზრისითაც, რომლის მიმართ ჩვენმა თურქმა კოლეგებმა და მეგობრებმა დიდი დაინტერესება გამოხატეს და მხარიც დაუჭირეს. მათ სრული მზაობა გამოთქვეს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პროგრამაში ჩასართავად და თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებში მის დანერგვაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, განათლების მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ომარ არდაშელია.

Photo gallery