სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ევროპული ინტეგრაცია – ადამიანის უფლებების დაცვა“


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე 2022 წლის 13-16 ივნისს პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ევროპული ინტეგრაცია – ადამიანის უფლებების დაცვა“ ჩატარდა.

კონფერენცია მიეძღვნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნის 90-ე და სამართლის დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილეს.

ქართველებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ: გერმანელი, სლოვენიელი, უკრაინელი და უზბეკი იურისტები. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თემატიკა ეთმობოდა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლებრივ, პრაქტიკულ, სოციალურ და სამართლის ისტორიულ ასპექტებს. წარმოდგენილი იყო მოხსენებები უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ლია ახალაძე და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი ვეფხვია გვარამია.

ბატონმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და მის როლზე დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში. მან პროფესორ ოთარ გამყრელიძეს მიულოცა 90 წლის იუბილე, კონფერენციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ქალბატონმა ლია ახალაძემ ხაზი გაუსვა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას, რომელზეც რამდენიმე ქვეყნის სტუდენტია წარმოდგენილი და პროფესორ ოთარ გამყრელიძეს იუბილე მიულოცა.

ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ ისაუბრა პროფესორ ოთარ გამყრელიძის როლზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ზოგადად სამართლის განვითარებისა და სტუდენტ-ახალგაზრდების პროფესიონალებად ფორმირების საქმეში.

პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ აღნიშნა პროფესორ ოთარ გამყრელიძის როლის შესახებ სისხლის სამართლის განვითარებაში და ხაზი გაუსვა მისი მრავალფეროვანი პუბლიკაციების მნიშვნელობას სამართლებრივი აზროვნების განვითარების სფეროში.

მონაწილეებმა მაღალ დონეზე შეაფასეს კონფერენციის მუშაობა და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს. პროფესორმა ლალი გაბისონიამ და ასოცირებულმა პროფესორმა ასმათ გუგავამ მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს და დეკანს კონფერენციის ორგანიზებისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.

პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ დააანონსა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დეკლარაციის და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენციის მიღებიდან 75 წლის იუბილეს მიეძღვნება.

 

 

ფოტო გალერეა