სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „მშვიდობიანი კავკასია“

2020 წლის 28 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით

დაიწყო მუშაობა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმმა „მშვიდობიანი კავკასია“, რომლის მუშაობაშიც ჩართული არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტი (თურქეთი), კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა), პოლონეთის მეხსიერების ინსტიტუტი (პოლონეთი), დაღესტნელი (რუსეთი) და აზერბაიჯანელი მკვლევარები.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელლიოღლუ (სიმპოზიუმის თანაორგანიზატორი); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი ჯაბა სამუშია.

 

კონფერენციისადმი მისალმებისას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეეხო ამ სამეცნიერო ფორუმის მნიშვნელობას, როგორც აკადემიური, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობით:

„საქართველო არ არის და ვერ იქნება ჩაკეტილი ავტონომიური სისტემა, იგი – ქვეყანა რელიგიურად, ისტორიულად და გეოგრაფიულად იმ გეოპოლიტიკურ გეოეკონომიკურ და სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესთა გადაკვეთის ეპიცენტრშია, რომელსაც არამხოლოდ ქართული, არამედ, სამხრეთ კავკასიური, ერთიანი კავკასიური სოციო-კულტურული და პოლიტიკური სივრცე ჰქვია. ჩვენი ბედ-იღბალის განსაზღვრა სცილდება ქვეყნის საზღვრებს, იძენს რა რეგიონულ და გლობალურ მასშტაბებს.  

მართალია, კავკასია ერთიანი რეგიონია, მაგრამ, რეგიონულ სივრცეში (რომელიც საკუთრივ კავკასიურის, აღმოსავლურისა და დასავლურის სინთეზია) უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ სამხრეთ კავკასია, სადაც მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა ოდითგანვე საქართველოს ენიჭება. რაც შეეხება კავკასიას – მსოფლიო ხალხთა ცივილიზაციის აკვანს და მის კუთვნილებას – საქართველოც იმ ისტორიის ნაწილია, რომელსაც კავკასიური ერთობა ჰქვია. თუმცა, ფაქტია, რო IV საუკუნიდან ამ ერთიანობის იდეის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ამდენად, ძველი იდეისადმი ჩაბღაუჭების ნაცვლად უმჯობესია, მით უფრო დღეს (როცა ანგარიშგასაწევი გარეშე ძალების, უპირველესად, რუსეთისათვის, კავკასიური სოლიდარობაც კი მიუღებელია), კავკასია კავკასიელ ხალხთა მხოლოდ კულტურულ-ცივილიზაციურ ერთობად განვიხილოთ, ხოლო სამხრეთ კავკასია, სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარ იმ ერთიან რეგიონულ სივრცედ, რომელიც ერთად წარსდგება მსოფლიოს ძირითადი გეოპოლიტიკური ცენტრების, უპირველესად აშშ-ის და, მისი მეშვეობით, ევროკავშირისა და რუსეთის წინაშე.

ღია თუ სხვა ფარული ინტერესები (მათ შორის, ჩინეთის თანდათანობით მზარდი) და აშშ-რუსეთის, ასევე, რეგიონით დაინტერესებული სხვა გავლენიანი ძალების ურთიერთობის ხარისხი (თანაარსებობა რთული, ხოლო მის გარეშე შეუძლებელი), გამორიცხავს საქართველოსა და საერთო რეგიონული სივრცისადმი ყოველგვარი ცალმხრივი სტრატეგიის არსებობას, რაც მთლიანობაში მათი მონაწილეობისა და გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების აუცილებლობას, ანუ კონსტრუქციული თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობას განაპირობებს.

სამხრეთ კავკასია, რომელიც პრაქტიკულად არასდროს დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას (პირიქით), მართალია მისი შემადგენელი ქვეყნების, ხალხების, საერთო სახლია, მაგრამ, ისტორიული, ასევე მორალური თვალსაზრისით მათგან ერთადერთს – საქართველოს, შესწევს უნარი შეცვალოს საკუთარი, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ბედი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახალი – ერთიან რეგიონული მოდელის შექმნაში და ამ გზაზე დანარჩენებიც თანამონაწილენი გახადოს. პოლიტიკური თამაშების – „ვინ ვის გვერდითაა“ – მიუხედავად, საერთო სივრცეში ერთიანობის იდენტიფიკაცია, ორმხრივი, მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის ურთიერთობის ფორმატში რეგულირდება, რეგიონით დაინტერესებული ყველა საგარეო ძალა პრიორიტეტულ მნიშვნელობას, სწორედ, საქართველოს ანიჭებს. ფაქტიურად, დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს, რომ:  სამხრეთ კავკასიის ხალხები იმდენად იყვნენ თავისუფალნი, რამდენადაც საქართველო, როგორც ლიდერი, იყო ძლიერი. ამ საკუთარი, გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიზმზე დაფუძნებული, არაერთხელ დასაბუთებული მისიის განხორცილება, საქართველომ მომავალშიც უნდა უზრუნველყოს;

 სამხრეთ კავკასიაში მისწრაფებები, თავისი არსით, ყოველთვის ანტიიმპერიულ ხასიათს ატარებდა. საერთო სივრცეში სეპარატიზმი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობის აღმავლობისა და რუსული პოლიტიკური ორბიტიდან ქვეყნების გამოსვლის მცდელობის კვალობაზე ძლიერდება;

სამხრეთ კავკასიის არასტაბილურობა, შიდარეგიონული ჩრდილოეთ კავკასიის (ე. ი. რუსეთის) პირდაპირი და ევროპის ფარული საფრთხეა. აუცილებელია ვიფიქროთ იმ მშვიდობიანი და მსგავსი ინტეგრაციული პროცესების შესაძლებლობებზე, რომლისკენაც ევროპა მრავალი ათეული წელია მიდის.

საქართველოს უპირატესობა მისთვის საგანგებო და ისტორიული პასუხისმგებლობაცაა, პასიური ლიდერის პოლიტიკამ და მისგან საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივების გაუჟღერებლობამ კი შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კავკასიაში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მიმდინარეობის შემაკავშირებელი ფუნქცია, უნიკალური გეოპოლიტიკური სტატუსი და იგი მხოლოდ გეოპოლიტიკურ დანამატად აქციოს.

ამდენად, საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიზანმა გამოკვეთა ჩვენი უპირველესი ამოცანა ქვეყანა მიუბრუნდეს საკუთარი განვითარების შეწყვეტილ ტრაექტორიას; მისი მიღწევის საშუალება – თანამედროვე გლობალურ სამყაროში შევქმნათ არამხოლოდ ქართული (თუნდაც, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე დაფუძნებული, რომელიც ჩვენს გარდა არავის დააინტერესებს), არამედ, საერთო ღირებულებათა, ინტერესების დაბალანსებისა და დამატებით კეთილდღეობას მორგებული ისეთი რეგიონული – გლობალური პროექტი, რომელსაც ისტორიული, ბუნებრივი და გეოგრაფიული ფაქტორები დაედება საფუძვლად; მსგავსი პროექტის, როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური – სამშვიდობო სივრცის დედააზრი გლობალური, რეგიონული და ნაციონალური ინტერესების ბედნიერ მორიგებაშია ერთმანეთის შეუბღალავად და შეურყვნელად. მსგავსი პროექტი არსებობს „სამხრეთ კავკასია და რეგიონული სივრცე – გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი)“.

 

აღნიშნული კონფერენციის წინაშე მოხსენებებით წარსდგებიან, ასევე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ არდაშელია („ყარაბახის ომი და ახალი გეოპოლიტიკური რეალიების კონტურები სამხრეთ კავკასიაში“) და ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა („აფხაზეთში კონფლიქტისადმი ირანის ისლამური რესპუბლიკის დამოკიდებულების შესახებ“).

 

ფოტო გალერეა