სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე შესავალი ადვოკატის პროფესიაში

ადვოკატმა ზურაბ თოდუამ სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე 2023 წ. 16 მაისს საჯარო ლექცია ჩაატარა.

ზურაბ თოდუამ დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. ის 1990-იან წლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი იყო, ასევე საჯარო სამსახურში იკავებდა წამყვან პოზიციებს, მიმდინარე ეტაპზე კი წარმატებული ადვოკატია.

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სტუმარი და ისაუბრა მის საქმიანობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პრაქტიკაში.

ლექციის მიმდინარეობისას ზ. თოდუამ ყურადღება გაამახვილა საადვოკატო საქმიანობის მნიშვნელობაზე საქართველოში. მან ისაუბრა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე და დადებითად შეაფასა ის. ადვოკატის მიერ წარმოჩენილ იქნა მის მიერ წარმართული ცნობილი სისხლის სამართლის საქმეები და ხაზი გაესვა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მნიშვნელობას. განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის მიერ წარმოებული საქმეები და სასამართლო გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, აქვე გამოთქმულ იქნა მოსაზრებები ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით.

მომხსენებელმა სტუდენტებს გააცნო ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად კანონმდებლობით დადგენილი წესები, კერძოდ მან ხაზი გაუსვა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდების მნიშვნელობას, რომელიც გართულდა და მის ჩასაბარებლად სათანადო ცოდნაა საჭირო. მომხსენებელმა სტუდენტებს მოუწოდა, რომ მუდმივად უნდა იყვნენ ჩართულნი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში და აუცილებელია ეცნობოდნენ სასამართლო პრაქტიკას.

ლექციის დასასრულს პროფესორებმა და სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში. პროფესორმა ჯანო წულუკიძემ ხაზი გაუსვა ბატონი ზურაბ თოდუას წარმატებულ საქმიანობას და მის გამორჩეულ სტუდენტობას. პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ ისაუბრა ზურაბ თოდუას სტუდენტობის პერიოდზე და ის დაახასიათა, როგორც წარმატებული სტუდენტი და პრაქტიკოსი. პროფესორმა ლალი გაბისონიამ აღნიშნა, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის თბილისში დამკვიდრების წლებში ბატონი ზურაბი აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და გარკვეული წვლილი შეიტანა სამართლის სპეციალობის შენარჩუნებაში. ადვოკატმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ მადლობა გადაუხადა ზურაბ თოდუას და აღნიშნა, რომ დამსახურებულ პროფესორებს, რომლებიც გამოირჩევიან სამართლის ცალკეულ დარგებში მაღალი კვალიფიკაციით, არ უნდა სჭირდებოდეთ ადვოკატის საკავალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ბატონმა ზურაბმა მადლობა გადაუხადა ფაკულტეტს თბილი დახვედრისთვის და სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის.

სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია

ფოტო გალერეა