news

საჯარო ლექცია საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრთათვის

 2022 წლის 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ზურაბ ხონელიძეს საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ესტუმრნენ. საგანგებოდ მათთვის რექტორმა ლექცია – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – წაიკითხა.

 

ზ. ხონელიძემ სტუდენტებს გააცნო საქართველოს რეგიონალური ისტორიულ-პოლიტიკური როლის მნიშვნელობა როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა, ასევე – რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის პერსპექტივის თვალსაზრისით. აქ კი აქტუალურად ჩანს მომხსენებლის მიერ შემუშავებული თეორია საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, რომელიც ერთმანეთთან აერთიანებს და ერთმანეთით ავსებს აკადემიური სივრცისა და დიპლომატიის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში.

 

ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მათთვის აქტუალური არა ერთი შეკითხვა დაუსვეს, რომელზედაც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ბედის თანაზიარია, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა. – ეს არის ტვირთი და პასუხისმგებლობა. ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ თუ რა დატვირთვა აქვს სიტყვებს: სოხუმი, სახელმწიფო, უნივერსიტეტი. უმოკლესი გზა – ემსახურო სამშობლოს გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. სამი ძირითადი პრინციპი: თავისუფლება, სამართლიანობა და სიყვარული – ქვეყნის ძირითად ღირებულებებად უნდა იქცეს. საქართველომ უნდა იპოვოს ოქროს შუალედი მსოფლიოს მსხვილ მოთამაშე ქვეყნებთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა შევქმნათ სამშვიდობო სივრცე სამხრეთ კავკასიაში, უნდა დავანახოთ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი არის სწორედ ის სივრცე, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში უდიდეს როლს შეასრულებს. საუნივერსიტეტო დიპლომატია სწორედ განათლებისა და დიპლომატიის, ამ ორი უდიდესი სფეროს შერწყმით ჩამოყალიბდა და მჯერა, რომ თქვენ, ახალგაზრდებო, სწორედ გაქვთ გააზრებული თუ რა დატვირთვა აქვს განათლებას და დიპლომატიას ქვეყნის მართვაში.

 

შეხვედრის დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტური პარლამენტის წევრებს თავისი ახალი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა.

 

 

 

 

Photo gallery