სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 25 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის, პროფ. ზურაბ ხო­ნელიძის ინიციატივით საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნე­ტა­რე­სის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია II-ის  დაბადებიდან 90  წლისადმი  მიძღვნილი  ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გა­იმართა.


კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფორუმი  ინტე­რ­დი­ს­ცი­პ­ლინარული ჩატარდა და  პლენარული სექციის გარდა, რომელიც პირადად კათოლიკოს - პატრიარქს და მის მოღვაწეობას დაეთმო, შედგა ხუთი დარგობრივი სექცია: ისტორიისა და ეთნოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის, განათლების მეცნიერებების, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მათემატიკისა  და სტატისტიკის და  ეკოლოგიიის სექციები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის,  სამშვიდობო განათლების ცენტრის, ალტე უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის,  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.   


კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა  საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მოღვაწეობაზე. რექტორმა აღნიშნა:  „მოგეხსენებათ, ქრისტიანულ ლიტერატურაში,  გავრცელებულია თქმულება საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ. ქართველები, ვერწმუნებით მას, როგორც ჭეშმარიტების ფაქტს.  პირველი საუკუნიდან მოყოლებული, ქრისტიანობას აღვიქვამთ არა მხოლოდ აღმსარებლობად, არამედ ქართველ ერთან, მიწასა  და მშობლიურ ენასთან ერთად, ჩვენი ისტორიული ერთობის,  პოლიტიკური ერთიანობისა და ქართული იდენტობის საფუძვლად, სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის განმსაზღვრელ ფაქტორად.


გლობალური ფუნქციის მატარებელი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა - საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს გეოპოლიტიკურ კვანძს, რომელიც არ ივიწყებს წმინდა მამების სწავლებას - „თუ სხეულს სულს არ დაუმონებ, მაშინ იგი დაუმონებს შენს სულს ეშმაკს" და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მას განგებით ევრაზიის კარიბჭის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციასთან ერთად მართლმადიდებელი სამყაროს ერთიანობის გამტკიცების სულიერი მისიაც ერგო. მის აღსრულებასა და ქართული ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის, ერთიანობის შენარჩუნებაში  განუზომლად დიდია ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის ღვაწლი.


საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში იშვიათია პიროვნება, რომელსაც ამდენი ხანი ემოღვაწეოს. ეპოქა, რომელშიც მის უწმინდესობასა და ნაწილობრივ ჩვენც მოგვიწია ცხოვრება, იყო რთული და წინააღმდეგობრივი, ეგზისტენციალური კრიზისის, ძველი სტერეოტიპების რღვევის, ღირებულებათა გადაფასების, გაუცხოების ეპოქა, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, საბჭოური ერთა თანასწორობის დეკლარირებული ლოზუნგი შეიცვალა ერთა „დაახლოების“ ლოზუნგით, იმპერია მასობრივი ათეიზმისა და კომუნიზმის მშენებლობაში ჩაერთო,   ადამიანი დაშორდა ღმერთს, დაუპირისპირდა და აუმხე­დ­რდა მის ავტორიტეტსა და ძალაუფლებას, რამაც გამოიწვია ადამიანური ყოფიერების დეკა­და­ნ­სი და დეგრადაცია.


არ არსებობს ჩიხური მდგომარეობა, არსებობს ჩიხური აზროვნება, რომელსაც მი­ვ­ყა­ვართ ჩიხურ მდგომარეობამდე. მსოფლიო მოაზროვნენი მიხვდნენ, რომ ამ ჩიხური მდგო­მა­რეობიდან გამოსავალი ღმერთის წიაღში დაბრუნებაა, რაც ზედმიწევნით ჰგავს უძღები შვილის დაბრუნებას მამის ოჯახში, ასე ხატოვნად და სიღრმისეულად რომ გვიწინა­ს­წა­რ­მე­ტ­ყველა მა­ც­ხო­ვარმა, ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინათ.


ასეთ ვითარებაში ახალგაზრდა ირაკლი შიოლაშვილის სურვილი, მომავალი ცხოვრება მიეძღვნა ეკლესიისათვის, მისი თაობის უმრავლესობისათვის გაუგებარი იყო. მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან, მღვდელ-მონაზონი ილია (შიოლაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურშია. მან სრულიად ახალგაზარდამ, 1963 წელს, ჩაიბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია, როგორც მღვდელმთავარმა. პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, უხელმძღვანელა  მცხეთის ახალდაარსებულ  სა­სუ­ლი­ერო სემინარიას, ხოლო 1967 წლიდან 10 წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას. ძველი თაობის სოხუმელებს: ქართველებს, აფხაზებს, უკრაინელებს, რუსებს, ბერძნებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა ინტელექტუალი მღვდელმთავარი,  რომელიც ქადაგებდა: „მშვიდობასა და კაცთა­შო­რის სათნოებას,“  დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მხოლოდ აფხაზეთის ა/რ-ში, არა­მედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში. ამ წლებში, როგორც საქართველოს მართლმა­დი­დე­ბელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, სამშვიდობო მისიით იმოგზაურა აშშ-ში, ინდოეთში, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულმა XII საეკლესიო კრებამ მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია სრულიად საქართ­ვე­ლოს კათოლიკოს- პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში ინტრონიზაციის დროს, ახლადარჩეულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა ერს: „მე შეგნებული მაქვს ის უმძი­მე­სი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღერთმა“...  45 წელია ამ შეგნებით ემსახურება მისი უწ­მი­ნ­დე­სო­ბა თავის სამწყსოს. ამ ხნის განმავლობაში  ბევრი რამ გააკეთა: 1. დაამსხვრია გაუცხოების ხე­ლო­ვ­ნური კედელი, რომე­ლიც ეკლესიასა და მრევლს შორის არსებობდა; 2. ააღორძინა გაუქმებული ეკლესია-მონას­ტ­რე­ბი, ეპარქიები, დააფუძნა თბილისის და აღადგინა გელათის სასულიერო აკადემიები, დააფუძნა გელთის მეცნიერებათა აკადემია; 3. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია იმას, რომ  მართლმადიდებელ ეკლესიებს, უპირველესად, კონსტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფლიო საპატრი­ა­რ­ქოს, 1990 წლის 4 მარტს, ეღიარებინა საქართველოს მართლმა­დი­დე­ბელი სამოციქულო ეკლე­სიის ისტორიული ავტოკეფალია; 4. ააღორძინა საეკლესიო ხურო­თ­მო­ძ­ღვრება, ქართული გა­ლო­ბა, ხატწერა, ააშენა არაერთი საკათედრო ტაძარი და უპირველესად, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელსაც თავადვე XX საუკუნის ქართველი ერის პასპორტი უწოდა;   5. მოა­წე­სრიგა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რაც დაგვირგვინდა 2002 წლის 14 ოქტომბრის კონსტიტუციური შეთანხმებით.


თუ 1976 წლამდე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ რუსეთის, ბულგრეთისა და სომხეთის ეკლესიის მეთაურები სტუმრობდნენ, 1977 წლიდან დღემდე საქართველოს ეკლესიის სტუმრები იყვნენ კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ათენისა და ელადის, სერბეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, რუსეთის ეკლესიის მეთაურები, რომის პაპები: იოანე პავლე II და ფრანცისკე. საოცარი იყო პაპ ფრანცისკეს შეფასება: „ყოველი შე­ხვედრა პატრიარქ ილიასთან მარწმუნებდა, რომ მე ღვთისკაცი ვიპოვე“,  საგულისხმოა ამიე­რ­კავკასიის მუსლიმანთა სასულიერო მმართველობის თავმჯდომარის შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადეს სიტყვები: „მე ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანე, რათა თქვენ დალოცოთ, როგორც წმინდა ადამიანმა.“  ჩვენი უნივერსიტეტის  წარმომადგენლობითი დელეგაცია:  აკადემიური საბ­ჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, კონსტანტინოპოლში (სტამბოლში), კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ბართო­ლო­მეო I-სადმი მიძღვნილ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, გავხდით მოწმენი, თუ როგორი სიყვარულითა და მოწიწებით მოიხსენიებს მისი ყოვლადუწმინდესობა საქართველოს პატ­რი­ა­რქს, ილია II-ს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბართოლომეოსის   მიერ წარმოთ­ქ­მუ­ლი სიტყვები: „ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი,“ რაც ჩვენი პატრიარქის აღიარებული, შეუვალი ავტორიტეტისა და მრავალწლიანი მოღვაწეობის ნაყოფს წარმოადგენს.  აღნიშნული და სხვა არაერთი დამსახურების მიუხედავად, თავმდაბლობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -  პატრიარქი, უწმინ­დე­სი და უნეტარესი თავისი მოღვაწე­ო­ბის უმთავრეს მიღწევად შვიდგზის ლოცვის დაწესებას მიი­ჩ­ნევს. მართლაც, ძნელია, თანამედროვე ადამიანმა გამუდმებული ლოცვის რეჟიმში იცხოვროს, თუმცა შესაძლებელი. ილია მეორემ თავის პატრიარქობას სიმბოლურად „მზიანი ღამე“ უწოდა. ეს ოქსიმორონი ყვე­ლაზე ზუსტად გამოხატავს, ერთი მხრივ, დროის, მეორე მხრივ, რწმენისა და სიყვარულის ნიშანს.


ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში პატრიარქი ბრძანებს: „სულიერება ხალხში თავდა­პი­რ­ვე­ლად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს და აღამაღლებს მას; ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვ­ნე­ლო­ვანესია. არსებობენ ღვთის ნიშნით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც სიყვარულსა და სათნოებას სთესავენ. ისინი ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან, სხვას კი გზას უნათებენ.“ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ბრძანდებით ის პიროვნება, რომელიც სანთელივით იწვება და სულიერ გზას უნათებს ქართველ ერს. დღეს, წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროში, როცა მულტივ­ე­ქ­ტორული მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრად გარდაიქმნა და მიმდინარეობს რეგიონული დაქ­სე­ლვა, თქვენ კაცობრიობის  ეროვნული და პოლიტიკური იდენტობის ფორმირებაში განსაკუ­თ­რე­ბული დატვირთვა შესძინეთ ქრისტიანობას, მის როლს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მეტიც, მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკური ფუნქციის მქონე მნიშვნე­ლოვან აქტორად და ქრისტიანული ღირებულებები პოლიტიკური კონსოლიდაციის ხელშემწყობ ფაქტორად აქციეთ, რამაც რელიგიის ერთგვარი რენესანსიც გამოიწვია.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეული პროფესორისთვის, სტუდენტისთვის, დევნილთათვის, ძალზე ძვირფასია ერის სულიერი მამა, მისი მზრუნველობა, რომელიც, არსე­ბული რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2010 წლის  დეკემბრიდან, კვლავ ჩაუდგა  სათავეში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და განსაკუთრებით მფარველობს აფხაზეთიდან იძულებით გადაა­დ­გი­ლებულ მოსახლეობას. მჯერა, რომ  პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და თქვენი - ჩვენი საე­რ­თო ძალისხმევით, დავუბრუნდებით აღქმულ მიწას, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, მატათასა და სვიმონ კანანელის მეოხება დაგვეხმარება ამაში.


აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო პირადი ურთიერთობებიდან ერთ-ერთი ფაქტი, როცა ჩემ წინააღმდეგ მოწყობილი ავტოავარიის შემდეგ, რომელსაც სასწაულებრივად გადავურჩი, ვეწვიე პატრიარქს, რომელმაც მითხრა, უფალმა გადაგარჩინა, შენ განსაკუთრებული მისია გაქვსო. ეს მისია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედისწერით ნაკარნახევი ის  ახალი სამშვიდობო ფუნქციაა, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარ გამოწვევად მექცა, განსაკუთრებით რთულ მო­მე­ნ­ტე­ბში სწორედ პატრიარქის კურთხევა მაძლიერებს.  მისი უწმინდესობა ყველა ქართ­ვე­ლის, თი­თო­ეული ჩვენგანის პატრიარქია, რომელიც მოგვიწოდებს: „ვიბრძოლოთ ჩვენი გმირი წინა­პ­რე­ბის მსგავსად, რათა საკუთარ თავში და ჩვენ გარშემო დავიცვათ ჩვენი წილი საქა­რ­თ­ველო.“ მისი უწმინდესობისათვის ამ ქვეყნის ჩვენი დედა სამშობლოს მოქალაქე, ყოველი ჩვე­ნგ­ანი მნიშვ­ნე­ლო­ვანი და ღირებულია, ჩვენი წილი საქართველოს გადარჩენა კი ქვეყნის გადა­რ­ჩე­ნის ტოლფასი.


დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებს, მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მთლიანად, საქართველოს შვილებს ღმერთმა არ მოგვიშალოს ჩვენი პატრიარქის ლო­ც­ვა-კუ­რ­თ­ხევა და დარიგებანი, რომლებიც გზას გვიკაფავენ  ურთულესი და დრამატული ეპოქის ლაბი­რი­ნ­თე­ბში. ჩვენი უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებულად ძვირფასია საქართ­ვე­ლოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო  - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, რომელიც პატრიარქის 2014 წლის 27 ოქტომბრის  ბრძანებულებით გადაეცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.  დღეს, საგანგებო კონფერენციის მიძღვნით, დიდი  მადლიერებით აღვნიშნავთ სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესისა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის დაბადების 90-ე და პატრიარქად აღსაყდრების 45-ე წლისთავს. ღმერთი იყოს ჩვენი პატრიარქის, თითოეული ჩვენგანისა და სრულიად საქართველოს მფარველი!“.

 

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: მეუფე ანანია, ისტორიის მეც­ნი­ერებათა დოქტორი, პროფესორი,  მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი,  საქართ­ვე­ლოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის თეო­ლო­­გიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღ­ვა­ნე­ლი; მეუფე სტეფანე, თეოლოგიის დო­ქ­ტორი,  ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მი­ტრ­ო­პო­ლიტი, საქართველოს მართ­ლ­მა­დიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი,  ახალგა­ზ­რ­დობის სულიერი და ინტელექ­ტუ­ა­ლუ­რი განვითარების ცენტრის თავმჯდომარე;  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯ­დო­მარე,   ის­ტო­რიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ჯემალ გამა­ხარია - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,  თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიე­რო აკადემიისა და სემინარიის რექ­ტო­რი.


გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი კონფერენცია მასშტაბურად აღნიშნა, და ეკლესიის ისტორიის მკვლევრებთან ერთად მის მუშაობაში  ჩართულია სხვადასხვა დარგის მეცნიერები.  მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ისაუბრა პატრიარქის ღვაწლსა და დამსა­ხუ­რე­ბაზე საქართველოს ეკლესიისა და მრევლის წინაშე უმძიმეს საბჭოთა წლებში, შემდეგ პოსტსაბჭოთა ეპოქასა და თანამედროვე ეტაპზე: ვლოცულობთ, რათა მომდევნო იუბილე სოხუმში აღვნიშნოთ, რამეთუ ილია II, არამარტო კათოლიკოს - პატრიარქი, არამედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა და საქართველოს ეს უძველესი მხარე მის პირად საწმყსოში შედის. მიტროპოლიტმა სტეფანემ ისაუბრა „რუსეთის ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკის შედეგებზე საქართველოში, რომლის გამო ათიათასობით ქართველი გამოდევნილი იქნა აფ­ხა­ზე­თიდან და შიდა ქართლის მთიანეთიდან.  რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით დაარღვია წმინდა სამების წინაშე დადებული ფიცი და აღთქმა, დაუპირისპირდა საქართველოს - ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, რომლის დაუშვებლობის შესახებ, იმპერიულ ძალებს, ჯერ კიდევ, XVII-XVIII სს. მოღვაწეები აფრთხილებდნენ.   მეუფემ მადლიერება გამოთქვა  უნივერ­სი­ტეტის რექტორის, პროფ. ზურაბ ხონელიძის მიმართ, რომელმაც ახლებურად დაანახა ქართულ საზოგადოებას  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა და მისია. საე­კ­ლე­სიო პირებმა განსაკუთრებული მადლობა  გადაუხადეს რექტორს, ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი კონფერენციის ჩატარების გამო.


აქტიური სამეცნიერო დისკუსია გაიმართა პლენარული და დარგობრივი სექციების მუ­შა­ო­ბის დროს, რომელშიც   50-ზე მეტი  მეცნიერი მონაწილეობდა. კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე  აღინიშნა მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სიახლეებისა და ინო­ვა­ცი­ების შესახებ, რის საფუძველზეც  გადაწყდა  კონფერენციის მასალების გამოცემა.


 ღონისძიების პროგრამა

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური 

ფოტო გალერეა