news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდა

2021 წლის 9 ივლისს 4-წლიანი სახელმწიფო აკრედიტაცია მიიღო ახალმა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სრულიად უნიკალურმა საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამამ „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“.

აღნიშნული პროგრამა მომზადდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში და მისი ინიციატორია რექტორი, პროფესორი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ზურაბ ხონელიძე. როგორც ცნობილია, ბატონი ზურაბის მიერ შემუშავებულია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ინოვაციური იდეა, როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ იდეის საგანმანათლებლო იმპლემენტაციას წარმოადგენს.

პროგრამის განხორციელებაში ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩართული არიან, ასევე, დიპლომატებიც.

ახალი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციას საფუძვლად უდევს „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა, რომლის მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ამის უზრუნველყოფა კი შესაძლებელია მხოლოდ  ხარისხიანი განათლების მეშვეობით, რომელსაც ყველა მსურველს სთავაზობს უნივერსიტეტის სივრცე – თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიული. ახალი სამაგისტრო პროგრამით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეცდება ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს დაანახოს, რომ მათი ეთნოსების უსაფრთხოების და კეთილდღეობის პერსპექტივები გარანტირებულია მხოლოდ ევროპულ სივრცეში; აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს ევროპული ინსტიტუტები; ხოლო ევროპისკენ ყველაზე მოკლე და იმედიანი გზა გადის საქართველოზე.

სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ განხორციელდება სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე.

ვულოცავთ პროგრამის ხელმძღვანელებს, ჩართულ აკადემიურ პერსონალს და ჩვენს უნივერსიტეტს ამ მორიგ წარმატებას.

Photo gallery