სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2022 წლის 19 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სამართალმეკვიდრე, ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი, წელს დაარსებიდან საიუბილეო 90- წელს ზეიმობს. შესაბამისად, ახალი სტუდენტური ნაკადიც – ოთხმოცდამეათე – საიუბილეოა!

 კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 და 2021 წლების სასწავლო წლის გახსნა ონლაინ-ფორმატით მიმდინარეობდა. წელს კი სტუდენტებსა და პირველკურსელებს ღია სივრცეში მიესალმა უნივერსიტეტი.

 ტრადიციულად, სასწავლო სემესტრი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით გაიხსნა:

– ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორ მასწავლებლებო, მეცნიერ-მკვლევარებო, ადმინისტრაციის თანამშრომლებო, უნივერსიტეტის გულშემატკივრებო სტუმრებო. ჩვენო პირველკურსელებო, თქვენ ვინც ცხოვრების თვისობრივად ახალი ეტაპი დაუკავშირეთ სსუ- გიდასტურებთ პატივისცემას და გულწრფელად გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას ცოდნის დღეს.

მართალია, ჯერ კორონა ვირუსმა COVID-19, შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა პროცესებმა, ზოგადად იდეოლოგიზირებულმა პოლიტიკამ, გეოპოლიტიკაზე მიმდინარე გარდაქმნამ, სრულიად შეცვალა ცივილიზებული სამყაროს (და ბუნებრივია ჩვენი) ცხოვრების წესი. თუმცა ფაქტია, ნებისმიერ მოვლენას მათ შორის განსაცდელსაც როგორც მედალს ორი მხარე აქვს, კრიზისი შეიძლება კურთხევა იყოს ნებისმიერი ადამიანის, ერისთვის, რადგან ყველა კრიზისი აჩენს წინსვლის შესაძლებლობას. ის ვინც კრიზისს დაძლევს იმარჯვებს საკუთარ თავზე, საკუთარი თავის დამარცხების გარეშე.

მეგობრებო, სამყაროში მიმდინარე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ძირითადად მაინც მსოფლმხედველობითი ხასიათის პრობლემის ანალიზი გვკარნახობს, რომ აუცილებელია ფილოსოფიური ცვლილება, ღრმა სტრატეგიული აზროვნება, გამყარებული საღი ინტელექტუალური არგუმენტებით, რომელიც აჩენს ინტელექტუალურ ნდობას, რეალური ღირებულებებისადმი და აქედან გამომდინარე ამ ღირებულებების მატარებელ ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იმ ევროპულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომელზეც დგას ცივილიზებული სამყარო. ეს არის: I. თავისუფლება II. სამართალი-სამართლიანობა III. სიყვარული უპირველეს ყოვლისა სამშობლოსადმი დღევანდელ საზეიმო შეხვედრას მხოლოდ ამ კონტექსტში განვიხილავ.

რა შეეხება ჩვენს სამშობლოს ქართულ სახელმწიფოს, ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების შედეგად სახეზეა მოცემულობა: შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა, დროებით კვლავ გაყოფილი, პოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივად გასაჭირში მყოფი ეროვნული სხეული. თუ გვინდა, რომ წარსულს არ მივცეთ ჩვენი მომავლის მართვის უფლება, პასუხი თუ რა სენით ვართ შეპყრობილნი-დავადებულნი მულტიკულტურული ქართული სახელმწიფოს ორგანული მთლიანობისა და დარღვეული სივრცე გარემოს აღდგენაში უნდა ვეძებოთ. გამოსავალი არა ჩვენგან შორს მიუწვდომლის წიაღში, არამედ, ჩვენში საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების საფუძველში, დემოკრატიის მთავარ ინსტრუმენტში განათლებაში, მის უმაღლეს მწვერვალში-მეცნიერებაში და ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნე, ჯანსაღ და მოტივირებულ ნაწილში-ახალგაზრდობაში უნდა ვეძებოთ. აღნიშნული სამი კომპონენტი ერთად და მშვიდობიანად თანაარსებობას მხოლოდ უნივერსიტეტში.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი საუნივერსიტეტო მოდელი იშვა, კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში. თვით უნივერსიტეტის იდეა კი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაიბადა და იგი თავის თავში მოიცავდა ისეთ პრინციპებს როგორიცაა თავისუფლება, სეკულარიზმი, დემოკრატია, ტოლერანტობა, შემოქმედებითი აზროვნება და სხვა. სწორედ ამ გარემოში მოხდა საერთო ევროპული ცნობიერების და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, მისი კარდინალური ტრანსფორმაცია და ჰუმანიზაცია.

დღეს ყველანი ცალსახად ვაღიარებთ უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი უნივერსალური სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, გენერირებისა და ფორმირების საბაზისო სივრცე, ყველგან და ყველა დროში განათლების, მეცნიერების, და პროგრესიის ცივილიზაციის სინონიმი, მაგრამ იმის აღიარება კი გვიჭირს რომ არსებული ფორმით იგიუნივერსიტეტი ვერ ამართლებს თავის დანიშნულებას. ამის დასტურია პრობლემები, რომელიც ასე მრავლად არის ევროპაში და ზოგადად მსოფლიოში.

ფაქტია, საუნივერსიტეტო იდეა განიცდის კრიზისს (არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოს) მიზეზი მარტივი ასახსნელია: უნივერსიტეტი ჩამორჩა დროს, ცვლილების პროდუქტს და მისი სიცოცხლისუნარიანობის დასადასტურებლად აუცილებელია არა მხოლოდ რეფორმა, ფორმის შეცვლა და არც ტრანსფორმაცია, არამედ ახალი კონცეფცია, რომელიც უნივერსიტეტს შესძენს ახალ სიცოცხლეს და განუსაზღვრავს მას ახალ მისიას. რეალურად კი აქცევს მას, უალტერნატივო- მშვიდობის, სამშვიდობო პროცესების ეპიცენტრად.

არა რეალური პრობლემებისგან გაქცევას, არამედ სწორედ ამ სიახლეს, გთავაზობთ თქვენ, ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარი, პოლიტიკის მსხვერპლი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სსუ. მშვიდობის ახალი პარადიგმის საუნივერსიტეტო დიპლომატის სახით. რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ურთიერთობების ახალ ფორმად და დიპლომატის ახალ სახეობად.

კოლეგებო, მეგობრებო დღევანდელი საზეიმო განწყობის ფონზე, ვიტყვი მხოლოდ იმას რომ წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, არსებობს წარმატების აუცილებელი პირობა, რომელიც გვკარნახობს: უკეთ გაისარჯოს საუნივერსიტეტო გონი. სისტემურად გავაცნობიეროთ უნივერსიტეტის დანიშნულება, გავაჩინოთ მისი, აუცილებლობა და საჭიროება. უპირველესად, გავათავისუფლოთ იგი პოლიტიკური პოპულიზმის, წარსული მანკიერების, სტუდენტთა და მასწავლებელთა არმიის სასურველ ელექტორატად ქცევის მცდელობისგან.

ცოდნა-აღმაშენებელი ასეთია ჩვენი კონსტრუქციული ხედვა სსუ- მოწოდება და სლოგანი. დამეთანხმებით გამარჯვებას მომზადება უყვარს და იგი იქ არის სადაც თანხმობაა. ამდენად, მივმართავ აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის მეგობრებს, ხელისუფლებას და განსაკუთრებით სტუდენტ-ახალგაზრდობას. ძალისხმევა არ დავიშუროთ და ერთად ვიაროთ ცოდნის შეძენისა და აღმშენებლობის გზით. ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი.

გვახსოვდეს, რომ ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა. ჩვენი ცხოვრების შემოქმედნი კი ვართ ჩვენ თვითონ.

უფალი შეგეწიოთ თქვენ, შეეწიოს სსუ-. ყველა ჩვენ კეთილ წამოწყებას და სრულიად საქართველოს! აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლოს წლის დაწყება ვიდეო-მიმართვით  მიულოცა:

ძვირფასო სტუდენტებო!

დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შესაძლებლობებით სავსე ეტაპი იწყება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ახალი შემართებით და დიდი სიხარულით ხვდებით. მინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ პირველკურსელს გულითადად მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. მოხარული ვარ, რომ ცხოვრების დიდ გზაზე უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით და, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, უნივერსიტეტის კედლებში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. მინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული, უმდიდრესი ტრადიციების მქონე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი კერაა, რომელიც უკვე მრავალი წელია ემსახურება ეროვნული მნიშვნელობის მისიას – საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას!  მჯერა, ამ ჭეშმარიტად გამორჩეულ, საერთაშორისო ღირებულებების მქონე უნივერსიტეტში გატარებული წლები, თქვენთვის ცოდნის გაღრმავების, თვითრეალიზაციისა და შესაძლებლობების გამოვლენის საწინდარი იქნება. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას. წარმატებას, წინსვლას და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!.

სტუდენტებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონმა ჯემალ გამახარია:

გილოცავთ ჩვენს მშვენიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. აქ თქვენ მეცნიერ-პედაგოგთა ბრწყინვალე კოჰორტა დაგხვდებათ, რომელსაც შესანიშნავი რექტორი და პროფესიონალი დიპლომატი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უდგას სათავეში. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები ვითარდება, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომს ქალაქ სოხუმში აიღებთ.

 სსუ- სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სტუდენტურის თვითმმართველობის პრეზიდენტმა ქრისტინე ზაქარაშვილმა და სსუ- სტუდენტმა, მსოფლიო რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯმა ნიკა ამაშუკელმა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლუკა კვირკვიამ.

 

ფოტო გალერეა