news

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია

დღეს სასტუმრო „ჰუალინგში“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები" გაიხსნა.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

„კონფერენცია ეძღვნება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მეოცე წლისთავს. ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული ოცი მომხსენებელი იღებს სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სისხლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლები, პრაქტიკოსი და მოქმედი მოსამართლეები, მათ შორის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის და როცა ასეთი კონფერენცია ტარდება საქართველოში, ეს ნიშანდობლივიცაა და სიმბოლურიც“ – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

მან განსაკუთრებული მადლობა კონფერენციის ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს გადაუხადა, რომ არა მათი თანადგომა ეს კონფერენცია ასეთი სახით ვერ შედგებოდა.

მისასალამებელი სიტყვა წარმოთქვა, ასევე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხდა უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ხონელიძეს და აღნიშნა, რომ ამ კონფერენციის ჩატარება მნიშნელოვანია ქვეყნისთვის.

სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კონფერენცია გაიხსნა 29 ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.

Photo gallery