სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის წარმომადგენელი ესტუმრა

2021 წლის 9 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და პოლიტიკური მრჩეველი, ბატონი გოტფრიდ ჰანე ესტუმრა.

სტუმარს უმასპინძლა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

ბატონი ჰანეს მიეწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამორჩეული ისტორიის, ქართული აკადემიურ სივრცეში მისი მნიშვნელოვანი მისიისა და ევროკავშირის საგრანტო პროექტებში აკადემიური პერსონალის ჩართულობის შესახებ. რექტორის თქმით, ეს უმაღლესი სასწავლებელი ქართული სახელმწიფოს უახლესი ისტორიის ურთულესი პერიპეტიების თანაზიარია და სწორედ ამიტომაც სსუ-ზე გადის საქართველოს უმთავრესი კრიზისული პრობლემის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზ თანამოქალაქეებთან შერიგება – გადაწყვეტა. საამისოდ კი საქართველოს და მეგობარი ქვეყნების აკადემიურ საზოგადოებას, დიპლომატიურ მისიებს (მათ შორის ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს) წარედგინათ მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა, ინოვაციური მიდგომა დიპლომატიაში, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეწოდა. ამ საკითხზე გამოსაცემად მომზადებულია სპეციალური მონოგრაფია, რომელიც აუცილებლად მიეწოდება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რეგიონულ ოფისს.
ურთიერთობებისას ხაზი გაესვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებას კონფლიქტებისა და საერთაშორისო კრიზისების კვლევის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში წარმოდგენილი „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეა მართლაც ინოვაციური და უაღრესად საინტერესო ხედვაა, რომელიც სპეციალისტებში მხარდაჭერას ჰპოვებს.

ფოტო გალერეა