სიახლეები

ზურაბ ხონელიძე საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
            აკადემიის სხდომა, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, პრეზიდიუმის სრული შემადგენლობით და წევრთა უმრავლესობით გაიმართა. ბატონი ზურაბის კანდიდატურას აკადემიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
            „ - არაერთი დღე და არაერთი თვე მაქვს გატარებული ამ საკითხზე ფიქრში თუ ვი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. აკადემიის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს დიდი მორალური პოტენციალი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება საქმეს. ასეთი პიროვნება არის ბატონი ზურაბ ხონელიძე. ამასთანავე, ის არის გულმართალი და თავმდაბალი, აქვს განათლების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება. ახლა კი, როცა ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია, მისი გეგმები და საქმიანობა მჭიდრო კავშირშია თანამედროვე უმაღლესი განათლების რეფორმებთან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მის არჩევას განათლების აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მისი გეგმები უკავშირდება აფხაზეთის უნივერსიტეტთან ურთიერთობის დათბობას და ქვეყნის ერთიანობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანს. რაღა თქმა უნდა ეს ყველა ჩვენგანის ინტერესია და ბატონი ზურაბის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ აკადემიის საქმიანობის გამოცოცხლებას და განათლების სფეროშიც და საზოგადოებრივ ასპარეზზეც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. - განაცხადა განათლების მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, ქალბატონმა ნათელა ვასაძემ, როდესაც აკადემიის წევრებს კენჭისყრაზე ბატონი ზურაბის კანდიდატურა წარუდგინა.
         სხდომა მიჰყავდა განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ავთანდილ ასათიანს.
         სიტყვით გამოვიდნენ: 
         ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
         დავით მალაზონია - პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; 
         ინდირა ძაგანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
         ზურაბ ცუცქირიძე - პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ფოტო გალერეა