სიახლეები

„ბზიფთან ახლოს გზა სულს ნაბავს...“

2021 წლის 16 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ახლახან გამომცემლობა „ივერიონის“ მიერ დაბეჭდილი აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ივანე თარბას საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი მისივე პოეტური კრებულის – „მიყვარს ჩემი აფხაზური“ – წარდგინება. აფხაზურიდან ქართულად პოეტის ლექსები თარგმნა სსუ-ის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, პოეტმა და მთარგმნელმა ნიკა ბაძაღუამ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის რედაქტორ-გამომცემელია ზაურ ნაჭყებია.

 

„დიდებული საქმე აღსრულდა! ნიკა ბაძაღუამ, ქართულ ენაზე უშუალოდ აფხაზურიდან და არა მესამე ენიდან შესანიშნავად გვითარგმნა დიდებული პიროვნების, ჭეშმარიტი აფხაზის, გამორჩეული მწერლის ივანე თარბას პოეზიის საუკეთესო ნაწილი.

ამიერიდან ქართველ მკითხველს ექნება საშუალება, გაიცნოს და შეიყვაროს ამ ავტორის პოეტური სამყარო, გაიზიაროს მისი სატკივარი და სიხარული, იქონიოს წარმოდგენა მის სანუკვარ ოცნებებზე, გულისხმა-ყოს პოეტის თვალითა და გულით აღქმული სამყარო.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ საქმეში აფხაზ პოეტსა და ქართველ მკითხველს შორის შუამავლობა იკისრა უკვე მაღალი დონის მთარგმნელად ჩამოყალიბებულმა ახალგაზრდა კაცმა - ნიკა ბაძაღუამ, რომლისთვისაც ორივე ენა მშობლიურია და უფალს უხვად დაუსაჩუქრებია პოეზიის ნიჭით“, – წერს წიგნის რედაქტორი, ცნობილი აფხაზოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე.

 

პრეზენტაცია, რომელსაც სსუ-ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ლიტერატურისა და ხელოვნების დარგების მოღვაწენი ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა.

 

ღონისძიების დაწყებამდე შეკრებილებმა პატივი მიაგეს ბატონ შოთა ხეცურიანის, ასევე მდ. ენგურში ტრაგიკულად დაღუპულთა ნათელ ხსოვნას.

 

– ივანე თარბას მთელი შემოქმედება საქართველოს სიყვარულითაა გაჯერებული, –ა ღნიშნა სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. – ამჯერად მის პოეზიას ვეცნობით. მწერლის განვლილი გზა ჩვენი ისტორიის კუთვნილებაა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ის საზოგადო მოღვაწეა. სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, რასაც პოეტი ემსახურა, მარადიული ცნებებია და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. მიხარია, რომ ეს და მსგავსი სახის შეხვედრები ტარდება სსუ-ში, რომელსაც განსაკუთრებული მისია აქვს.

 

– ამ ახალგაზრდა კაცმა შეძლო ურთულეს საქმეს მოსჭიდებოდა, რასაც წინ უძღოდა აფხაზური პოეზიის ანთოლოგიის გამოცემა, – თქვა კრებულის რედაქტორ-გამომცემელმა ზაურ ნაჭყებიამ. – გაოცებული დავრჩი ამ შესანიშნავი თარგმანებით. თქვენ წინაშეა კრებული, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნობა პოეზიის მოყვარული მკითხველი. რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ივანე თარბას იუბილეს აღნიშვნა? თუ სახალხო დიპლომატიამ არ თქვა თავისი სიტყვა, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიება. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ზურაბ ხონელიძის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომელიც წარმოდგენილია ორი ნაშრომით. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რეალური გზაა პრობლემის დასაძლევად. ივ. თარბა, როგორც მწერალი, აფხაზური ფესვებიდან ამოდის, მაგრამ კარგად ჩანს, რომ იგი ზოგადქართულითაა ნასაზრდოები. ნიკა ბაძაღუა აპირებს თარბას პროზაული ნაწარმოებების თარგმნასაც.

 

ივ. თარბას პოეზიის მთარგმნელმა ნიკა ბაძაღუამ დამსწრეთ გააცნო პოეტის ბიოგრაფიული ეპიზოდები და ბიბლიოგრაფია. მთარგმნელმა წაიკითხა ივ. თარბას რამდენიმე ლექსი, მათ შორის, სვანეთში დაწერილი „ლილეო“ და შენიშნა, რომ ამ აფხაზ პოეტს საქართველოში არცერთი ქვა და ციხე არ დარჩენია, ლექსი რომ არ მიეძღვნა. ნიკა ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა სსუ-ს, წიგნის რედაქტორ-გამომცემელს ზაურ ნაჭყებიას, წიგნის რედაქტორს, პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძეს, დამფინანსებლებს და ყველას, ვინც კრებულზე იმუშავა.

 

– ჯერ კიდევ ბატონი გენო კალანდიას სიცოცხლეში გვქონდა გეგმაში გამოგვეცა აფხაზური პოეზიისა და პროზის ანთოლოგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ეს ვერ მოხერხდა, – აღნიშნა პოეტმა და მხატვარმა მანონ ბულისკერიამ, რომელმაც ახალგაზრდა აფხაზ პოეტსა და მთარგმნელს თავისი ფერწერული ტილო - „ბიჭვინთა სიზმარში“ უსახსოვრა. – დღეს ნიკა უდიდეს საქმეს აკეთებს. კაცი, რომელმაც გრანელი თარგმნა აფხაზურად ისე, რომ ლექსს, როგორც გამოხმაურებებიდან ვიცი, იოტისოდენი ემოცია არ დაკლებია, შესანიშნავი მთარგმნელია. კარგი იქნება, თუკი სწორედ ნიკა ბაძაღუა უხელმძღვანელებს თბილისში მოქმედ აფხაზეთის მწერალთა კავშირს.

 

– ივ. თარბა სოხუმში ჩირაღდნით ხელში ეძებდა ნამდვილ ქართველსა და ნამდვილ აფხაზს, რადგან ნამდვილი ქართველი ნამდვილ აფხაზს არასოდეს ესროდა და პირიქით, – თქვა პოეტმა ერეკლე საღლიანმა, რომელსაც თვითონაც აქვს აფხაზური, მათ შორის, ივ. თარბას პოეზიის შესანიშნავი თარგმანები. – ეს კაცი იყო ნამდვილი ხიდი ჩვენ შორის. მაშინაც კი, როცა ნაღმმა შემთხვევით მისი მეუღლე შეიწირა, პოეტი ყველაფერზე მაღლა დადგა, არ გაბოროტდა. რამდენჯერ გვიტირია აფხაზური სიმღერების მოსმენისას, მათში არის ის სევდა, რომელსაც ზოგადსაკაცობრიო სევდასთან მივყავართ. სწორედ ეს კრიტერიუმია ყველაზე მნიშვნელოვანი ივ. თარბასთან და მისი გადმოქართულება შეძლო ახალგაზრდა მთარგმნელმა ნიკა ბაძაღუამ.

 

ივ. თარბასა და ახალ გამოცემულ კრებულზე ისაუბრეს: პოეტმა გური ოტობაიამ, ქუთაისიდან საგანგებოდ ამ პრეზენტაციისთვის ჩამოსულმა, ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტის პროფესორმა ავთანდილ გეწაძემ, ჟურნალისტმა დავით ქობალიამ.

 

– მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ივ. თარბას პოეზია ორიგინალიდან ითარგმნა, – აღნიშნა ისტორიის დოქტორმა, სსუ-ის პროფესორმა ლია ახალაძემ. – მადლობა მინდა გადავუხადო მთარგმნელს და ყველას, ვინც ამ წიგნზე იმუშავა, ვინც ენგურს გამოღმა საქართველოში ნიკას თავს შინ აგრძნობინებს.

 

როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, ნიკა ბაძაღუა, რომელმაც ჩრდილოკავკასიური ენებიც იცის, უკვე მუშაობს კავკასიური პოეზიის ანთოლოგიის შექმნაზე და ეს გამოცემაც მალე იხილავს მზის შუქს.

 

 

 

რობერტ მესხი,

გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტის“ რედაქტორი,

პოეტი, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ფოტო გალერეა