სიახლეები

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვლადიმერ (ლადი) ჭელიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2026 წლის 24 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე გაიმართა აფხაზეთის მკვიდრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ვლადიმერ (ლადი) ჭელიძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

მოხსენებით - „პროფესორი ვლადიმერ (ლადი) ჭელიძე - აფხაზეთის სამეცნიერო-პედაგოგიური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი“ - წარდგა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ინფორმატიკის განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ჰამლეტ მელაძე; მათემატიკისა და ეკონომიკის დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა; თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ახობაძე; თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჯოხაძე; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი გოდერძი მელაძე; აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ლომთათიძე; ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია; ასოცირებული პროფესორი ციალა ძიძიგული; ასევე ვლადიმერ ჭელიძის ოჯახის წევრები - ქალბატონი ნელი ჭელიძე და ვლადიმერ ჭელიძის ვაჟი, პროფესორი ემზარ ჭელიძე.

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს ვლადიმერ (ლადი) ჭელიძის ცხოვრებასა და მრავალმხრივ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

ვლადიმერ გიორგის ძე ჭელიძე (1906-1978) იყო ქართველი მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. იგი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრას, ასევე მუშაობდა . რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, მათ შორის - დირექტორის პოზიციაზე, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, როგორც მათემატიკის კათედრის გამგე, ასპირანტურის “მათემატიკური ანალიზის” სპეციალობის ხელმძღვანელი.

ვლადიმერ ჭელიძის სამეცნიერო ნაშრომები მიძღვნილია ფუნქციათა თეორიის შემდეგი პრობლემებისადმი:

1. მრავალი ცვლადის ფუნქციის წარმოებული რიცხვები და დანჟუას ინტეგრალი

2. ფურიე-ლებეგის ჯერად მწკრივთა თეორია, მრავალი ცვლადის ფუნქციის წარმოდგეა სინგულარული ინტეგრალებიტ, მრუდწირული და ზედაპირული ინტეგრალები

3. აბელისა და ტაუბერის ტიპის თეორემები ჯერადი მწკრივებისა და ჯერადი ინტეგრალებისათვის.

თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფუნქციათა თეორიისათვის ვლადიმერ ჭელიძის მიერ ამ მიმართულებით მიღებული შედეგები, მოვიყვანოთ გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს მ. ლავრენტიევის (მისი სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი ოპონენტი) აზრს ვლადიმერ ჭელიძის სამეცნიერო შედეგებთან დაკავშირებით: “ვლადიმერ ჭელიძის ზემოთ ჩამოყალიბებული თეორემა გარეგნულად მარტივია, მაგრამ აქ მოძებნილი კავშირი აბსოლუტურ უწყვეტობასა და აპროქსიმატულ დიფერენცირებადობას შორის ძალიან ღრმაა და გვიჩვენა დისერტანტის დიდი გამომგონებლობის კონსტრუქციული ძალა. ეს თეორემა უდაოდ წარმოადგენს დიდ შენაძენს ორი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში”.

ვლადიმერ ჭელიძე აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და ავტორია ფუნდამენტური სასწავლო ლიტერატურისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათემატიკის სწავლების პროცესში.

კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ვლადიმერ (ლადი) ჭელიძის მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ მეცნიერებაში და აფხაზეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.

ფოტო გალერეა