სიახლეები

2020 წლის 13-19 მაისს სსუ-ში შუალედური გამოცდები გაიმართება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 28 აპრილის № 05/01-610 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გაზაფხულის სემესტრის შუალედური შეფასების ვადები: 2020 წლის 13 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით. COVID-19-ს პანდემიის პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის მუშაობისა და სასწავლო პროცესის ელექტრონულ და დისტანციური სწავლების ფორმაზე გადასვლამ, შუალედური შეფასების განხორციელების წესში გარკვეული დროებითი ცვლილებები გამოიწვია, რაც განსაზღვრულია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 28 აპრილის № 05/01-611 დადგენილებაში, რომლის მე-3 პუნქტი სწორედ ამ საკითხს ეხება:

 

3.      სტუდენტთა შეფასება

 

3.1.  საგანგებო მდგომარეობისა და სასწავლო კურსების სპეციფიკის გათვალისწინებით, სწავლის შედეგების მიღწევის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დაშვებულ იქნეს შეფასების დროებითი მეთოდები და ფორმები. გარკვეული სწავლის შედეგების შეფასება ელექტრონულ ფორმატში ვერ ხერხდება, საჭიროების შემთხვევაში გაიზარდოს მიმდინარე შეფასებების ვადები, კორონავირუსის საფრთხის გავრცელების აღმოფხვრის შემდგომი პერიოდისათვის. შესაბამისი ცვლილებები შეთანხმდეს მიმართულების ხელმძღვანელებთან და დამტკიცდეს ფაკულტეტების საბჭოების მიერ.

3.2.  აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტთა (გასული სემესტრის გადავადებული გამოცდის/გაშვებული ვადის აღდგენის შედეგად გამოცდაზე დაშვებული სტუდენტები, სამაგისტრო, საბაკალავრო ნაშრომის დასკვნით შეფასებაზე დაშვებული სტუდენტები) შეფასების ფორმები და თარიღი განისაზღვროს ინდივიდუალურად, კერძოდ:

3.2.1.         სასწავლო კურსის შემთხვევაში გამოცდის ფორმატი განისაზღვროს სასწავლო კურსის ხელმძღვანელის მიერ, თარიღი თანხმდება ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან. მონიტორინგი განხორციელდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელების მიერ.

3.2.2.         საბაკალავრო ნაშრომის შემთხვევაში შეფასება განხორციელდეს დისტანციურად, შესაბამისდარგობრივი კომისიის წევრების მონაწილეობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის“ შესაბამისად. თარიღი თანხმდება ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

3.2.3.         სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში შეფასება განხორციელდეს დისტანციურად, შესაბამისდარგობრივი კომისიის წევრების მონაწილეობით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის“ შესაბამისად. თარიღი თანხმდება ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან.

3.3.  შუალედური გამოცდები ჩატარდეს სასწავლო პროცესის დაწყებიდან მერვე კვირას. გამოცდის ფორმატი განისაზღვროს წერითი (დაკვირვებით ან/და ოფიციალური ელ. ფოსტის გამოყენებით), ზეპირი, კომბინირებული (წერითი და ზეპირი კომპონენტები) სახით. გამომცდელმა უნდა უზრუნველყოს ჩატარებული გამოცდის მატერიალური ფორმით დაარქივება და წარმოდგენა. მონიტორინგი განხორციელდეს ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელების მიერ.

3.4.  შუალედური გამოცდების ცხრილი დამტკიცდეს ფაკულტეტის დეკანის მიერ და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და უნივერსიტეტის სასწავლო Studlab პლატფორმაზე.

3.5.  სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ ჩაერთვნენ ელექტრონული სწავლების (E-learning) პროცესში და ამ მიზეზით ვერ მიიღეს შუალედური შეფასებები (მიმდინარე შეფასებები და შუალედური გამოცდა), შესაბამისი ფაკულტეტების მიერ მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში, მომზადდეს შესაბამისი საკონსულტაციო ცხრილები და დადგინდეს ვადები.

3.6.  სტუდენტთა შეფასების შედეგების დამუშავება უნივერსიტეტის სასწავლო Studlab პლატფორმაზე ასახვის მიზნით განახორციელოს ფაკულტეტმა.

 

სსუ-ს აკადემიური საბჭოს დასახელებული და სხვა დადგენილებები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.

ფოტო გალერეა