სიახლეები

9 აპრილი – დღე ტკივილისა და სიხარულისა!

2021 წლის 9 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, აკადემიური საბჭოს წევრებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, აკადემიურმა პერსონალმა, და სტუდენტებმა, ტრადიციულად, პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს  თავდადებულთა ხსოვნას.

რამდენიმე კვირით ადრე, 18 მარტს, აფხაზეთში, სოფელ ლიხნში შეიკრიბნენ აფხაზთა წარმომადგენლები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისაგან მოითხოვეს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოყოფა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკისაგან და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისათვის მიერთება. ამან ქართველთა პროტესტი გამოიწვია, რომელიც საბოლოოდ სსრკ-საგან გამოყოფის და დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნამდე გადაიზარდა.

1989 წ. 9 აპრილის გარდაცვლილ გმირთა თავდადებას უშედეგოდ არ ჩაუვლია: ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი – ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულდა არაერთი თაობის ოცნება და ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დიდ ოჯახს შეუერთდა.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს!

ფოტო გალერეა