სიახლეები

მემორანდუმი სტამბოლის უნივერსიტეტთან

2023 წლის 3 მარტს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სტამბოლის უნივერსიტეტს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს რექტორებმა – პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და პროფესორმა მაჰმუთ აქმა.

ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტამბულის უნივერსიტეტი აღიარებენ მათ სურვილს ჩაერთონ ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში ორივე დაწესებულების ორმხრივი სარგებლობისთვის. მათი ურთიერთინტერესების გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ წაახალისოს შემდეგი მიმართულებები: ერთობლივი სასწავლო აქტივობები განათლებასა და სწავლებაში, როგორიცაა საზაფხულო სკოლები და სტუდენტური კვლევები; ერთობლივი კვლევები და მოკლევადიანი სასწავლო კურსები; კონფერენციები და სიმპოზიუმები; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო პუბლიკაციები; გაცვლითი პროგრამები და სხვ.

სტამბოლის უნივერსიტეტი უძველეს და პრესტიჟულ უმაღლესი სასწავლებელია თურქეთში. მისი ისტორია ჯერ კიდევ 1453 წელს იწყება. სტამბოლის უნივერსიტეტის პარტნიორებია მსოფლიოში მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები.

ამიერიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტამბოლის უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან და ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა ჩვენი უნივერსიტეტის მნიშვნელობის, მისი მისიისა და როლისა. ეს შედეგი კი არ იქნებოდა, თუ არა რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მისი მეგობრული ურთიერთობა თურქეთის აკადემიურ, სამთავრობო და დიპლომატიურ წრეებთან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული თურქეთის რესპუბლიკის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან, როგორიცაა თურქეთის საისტორიო საზოგადოება და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი.

მოკლე ხანში იგეგმება რექტორ ზურაბ ხონელიძის მაღალი დონის შეხვედრები თურქეთში და საჯარო ლექციები, რომლის ძირითადი თემატიკა, ბუნებრივია, არის მშვიდობის ქართული პარადიგმა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“. როგორც ცნობილია, ამ საკითხმა დიდი ინტერესი გამოიწვია თურქულ საზოგადოებაში და რექტორი უკვე წარსდგა თურქეთის საისტორიო საზოგადოების წინაშე საგანგებო მოხსენებით. სულ მალე კი, თურქეთში გამოიცემა თურქულად თარგმნილი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

ფოტო გალერეა