სიახლეები

ღვაწლმოსილი პროფესორის საუკუნოვანი იუბილე

2025 წლის 15 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ღრმად ემოციურ და ისტორიულად მნიშვნელოვან საღამოს – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ვახანიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრას. ამ დღის მთავარი თემა ვახტანგ ვახანია და მასზე შექმნილი წიგნი „კვალი განათლებული“ იყო.

 

როგორც წიგნის გამოცემის, ისე საღამოს ორგანიზების მთავარი სულისჩამდგმელი გახლავთ ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეული პიროვნება, წიგნიერების სიყვარულით გამორჩეული კოლორიტი – ბატონი ტიტე მოსია. სწორედ მისმა დაუღალავმა შრომამ და ერთგულებამ იმ დიდი საქმის მიმართ, რასაც მეხსიერების შენარჩუნება ჰქვია, შესაძლებელი გახადა ის, რაც ამ საღამოს გაიმართა – კაცის გაცოცხლება სიტყვით.

 

საღამოს დაწყება დიდად სიმბოლური იყო – მთავარი სიტყვით ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, მარინა ტურავა გამოვიდა. მას ერგო პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა, დაეწყო საუბარი იმ პიროვნებაზე, რომელთან ურთიერთობაც ბევრ თაობას ჰქონდა გულში ჩარჩენილი. მისმა გამოსვლამ იმ საღამოს განსაკუთრებული ტონი მისცა – სიღრმით, ემოციითა და ფაქიზი ხსოვნის ენით.

 

– ჩურჩული მისი ჩამესმის, – ამ სიტყვებით დაიწყო მან და დარბაზში იმწამსვე შეიქმნა განცდა, რომ ბატონი ვახტანგი მართლაც იქ იყო – ყოველი სკამის მიჯნაზე, აუდიტორიის კედლებში და მეხსიერებაში.

 

დარწმუნებული ვარ, ახლა ის ჩვენთანაა და გვიყურებს, – თქვა მან და ამ ფრაზამ უფრო მეტად დაგვაინტერესა ჩვენ.

 

მარინა ტურავამ საღამოს არა როგორც ოფიციალურ მომხსენებელმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა მოსწავლემ, სტუდენტმა და მემკვიდრემ უხელმძღვანელა. მისი გამოსვლა სიმბოლურად დაუკავშირდა პლატონის „ფედონში“ სოკრატეს ფრაზას – „გულუბრყვილოა ყველა ის ადამიანი, ვინც წარმოთქმულ სიტყვაზე უფრო მნიშვნელოვნად ჩაწერილ სიტყვას თვლისო“. დიდმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, რომლის არცერთი დაწერილი სიტყვაც არ შემონახულა, ჩვენამდე თავის მოწაფეთა მეშვეობით მოაღწია – თითქმის ისე, როგორც ვახტანგ ვახანიას ფენომენმა, რომელიც მის მოსწავლეებში განაგრძობს არსებობას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ვახტანგმა სიცოცხლეში მოასწრო ორი მნიშვნელოვანი მონოგრაფიის გამოცემა, რომელთაგან პირველი ეხება ანტონ ფურცელაძის მსოფლმხედველობას და მეორე რეალიზმის საკითხებს, ასევე გამოსცა ოთხთავიანი კრებული, სადაც გაანალიზებულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი წერეთლის ლიტერატურული მემკვიდრეობა, მაინც მის შემოქმედებაში მთავარი ცოცხალი სიტყვა იყო – აუდიტორიაში წარმოთქმული, სულიერი ენერგიით დამუხტული ფრაზები, რომლებიც ხშირად ლიტერატურით გამოწვეულ სიხარულს, ზოგჯერ კი ექსტაზსაც იწვევდა.

 

– ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ლექციები, ის საკრალურ სივრცეში მოხვედრილა, – თქვა მარინა ტურავამ და დარბაზშიც უხმო თანხმობა მიიღო კოლეგებისგან. ბატონი ვახტანგის ლექცია მხოლოდ აკადემიური პროცესი კი არ იყო – ეს იყო ადგილზე დაბადებული იდეები და ამ იდეების სიტყვით გადმოცემა, რომელსაც მოჰქონდა მთელი ეპოქის სუნთქვა.

 

მისთვის ლიტერატურა მხოლოდ პროფესია არ ყოფილა – ეს იყო ყოფა. ის წვრილმან დეტალებსაც კი იკვლევდა სერიოზულობით, ეპოქების ჭრილში ხედავდა ავტორებს.

 

მარინა ტურავამ განსაკუთრებულად გამოჰყო ვახტანგ ვახანიას დამოკიდებულება აკაკი წერეთლის შემოქმედების მიმართ. იმაზე, თუ როგორ აღიქვამდა აკაკის ლექსებს, ნოველებს, და როგორ იკვლევდა მის მიერ 1905 წლის რევოლუციისადმი მიძღვნილ ტექსტებს, პოემებს: „ნათელას“, „გამზრდელს“ და სხვებს. ამ ანალიზში ის თამაშის ელემენტებსაც იყენებდა თურმე, რაც ვახტანგ ვახანიას ხელწერის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

საღამოს ემოციური ტონალობა გაგრძელდა მერაბ ნაჭყებიას გამოსვლით, რომლის ხმამ თითქოს ერთდროულად იტვირთა სითბო, ხალისი და გულდამძიმებული სევდა. მან საუბარი ვახტანგ ვახანიას ხასიათის იმ მხარის აღნიშვნით დაიწყო, რომელიც ხშირად პირველივე შეხედვით ვერ შეიმჩნეოდა – ეს იყო გადმოცემის უნარი, ცოცხალი თხრობა, რაც ლექციას თეატრალურ წარმოდგენად აქცევდა.

 

– ისე ჰყვებოდა, თითქოს თვითონ იყო იმ ეპოქის თანამონაწილე, – იხსენებდა მერაბ ნაჭყებია და ამ სიტყვებში იგრძნობოდა არა მხოლოდ ხოტბა, არამედ ნოსტალგია – იმ დროის, როცა ლიტერატურა აუდიტორიაში კი არ იკითხებოდა, არამედ იქმნებოდა.

 

საუბარი, რომელსაც მერაბ ნაჭყებია გაუძღვა, კურიოზების გახსენებით იყო გაჯერებული – ეს ის ამბებია, რომლებიც ადამიანებს ამახსოვრებთ ერთმანეთს. ბატონი ვახტანგის იუმორი, სითბო და ჟინი, რომელიც მას აკავშირებდა სტუდენტებთან, ვერაფრით დაიმალებოდა.

 

– მე არ მახსოვს მეორე პროფესორი, რომელიც ყარაულობდა, თუ როდის და სად გაცდებოდა ლექცია, რომ შესულიყო ახალგაზრდებთან… ხშირად ხდებოდა ისე, რომ ჯემალ ვახანიას სთხოვდა, ფიზკულტურის დრო დაეთმო, რათა სტუდენტებისთვის ლექცია ჩაეტარებინა… ილია ჭავჭავაძეზე იყო 8 საათი დათმობილი და სადღაც 20 საათზე მეტი წაიკითხა, – იხსენებდა ღიმილით.

 

მერაბ ნაჭყებიამ ასევე დიდი სიყვარულით ახსენა ვახტანგის შვილი – ქალბატონი ნინო, რომელიც, როგორც აღნიშნა, ღირსეულად აგრძელებს მამის გზას. გაიხსენა ნინოს ძმა, დათო, და ხსოვნა მიუძღვნა მასაც – იმ თაობის წარმომადგენელს, რომელიც ისე წავიდა, რომ სიცოცხლისთვის დრო არ ეყო. ის ემოციები, რომლებზეც ბატონმა მერაბმა გაამახვილა ყურადღება, სწორედ ისაა, რომელიც ჩვენც – დღევანდელ სტუდენტებს – გვეუფლება, როცა ქალბატონ ნინოს ვუსმენთ, თითქოს კვლავ ბატონი ვახტანგი გვესაუბრება.

 

 ბოლოს მერაბ ნაჭყებიას გამოსვლაში ტკივილი გარდამავალ მოზღვავებად შემოიჭრა. „აფხაზეთმა ბევრს შეუმოკლა ცხოვრება,“ – თქვა და დარბაზი დადუმდა.

 

აფხაზეთის ტრაგედიამ და გულში დატოვებულმა ღრმა ჭრილობებმა თითქოს თავი იჩინა… „უდროოდ წავიდა ბატონი ვახტანგიც…“

 

ამაღელვებელი იყო სალომე კაპანაძის გამოსვლა – თბილი სიმშვიდით და ღრმა პატივისცემით სავსე.

– უნივერსიტეტი აღასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან მისიას, რადგან საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა მას აქვს განსაკუთრებული როლი – შეინარჩუნოს მეხსიერების ოაზისები.

 

მისი ეს სიტყვები შეგვახსენებდა, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე კი არაა – ის მეხსიერების მფარველია, ადგილი, სადაც დროის რკალი ვერ კლავს იმას, რაც გულში რჩება. ეს სიტყვები თითქოს არამხოლოდ ვახტანგ ვახანიას ხსოვნას, არამედ მთელი იმ თაობისადმი პატივისცემას ეხებოდა, რომელთაც აუდიტორიები ცხოვრების სტილად ექცათ და მონოლოგები – ხელოვნებად.

 

სალომე კაპანაძემ ემოციური დეტალიც გაგვიზიარა – როგორ ეძებდნენ იგი და ქალბატონი ნინო ვახანია ბატონი ვახტანგის ხმას, მის გამორჩეულ და თავისებურ ტემბრს არქივებში, ჩანაწერებში. ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა, – გულდაწყვეტით გვამცნობს იგი.

 

სიტყვას მოჰყვა გახსენება ვახტანგ ვახანიას სალექციო ხელწერისა და შეფასდა, როგორც მონოსპექტაკლები. ლექცია, როგორც სპექტაკლი, აუდიტორია, როგორც დარბაზი, სტუდენტები, როგორც მონაწილეები, რომლებიც არა მხოლოდ ისმენდნენ, არამედ ხედავდნენ.

 

განსაკუთრებით უხდის მადლობას გაწეული შრომისთვის ტიტე მოსიას, რომელმაც შეძლო, მეხსიერება ტექსტად ექცია. მონოგრაფია „კვალი განათლებული“ სწორედ იმ გზის ჩანაწერია, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.

 

ეს იყო წუთები, როცა საუბარს ცრემლიანი ღიმილი მოჰქონდა. ვხედავდით, თუ როგორ ადგებოდათ თვალთ ცრემლები ვახტანგ ვახანიას ყოფილ სტუდენტებს, მეგობრებს… ეს სიყვარულის გამოძახილი იყო, რომელიც ამ დიდებულ ადამიანს ჩაუსახავს ოდესღაც თავის სტუდენტებში.

 

შემდეგ სიტყვით ზურაბ პაპასქირი გამოვიდა – ადამიანი, რომელიც, მართალია, ვახტანგ ვახანიას სტუდენტი არ ყოფილა, მაგრამ გახლდათ მისი კოლეგა. სწორედ ამ ჭრილში დანახულმა ადამიანმა განსაზღვრა მისი გამოსვლის ძირითადი თემა – მეხსიერება, როგორც ბატონი ვახტანგის შინაგანი საყრდენი და ერთგვარი ინტელექტუალური რუკა, რომელსაც დრო ვერ შლიდა. პროფესორი გვაცნობს, რომ მისი საუბარი წარსულზე ისეთი სიზუსტით მიედინებოდა, თითქოს თვითონ მოესწრო აღწერილ მოვლენებს. შუასაუკუნეების ისტორია, მწერლობა, ფიქრის ფორმები – ყველაფერი მის მეხსიერებაში ისე იდო, თითქოს მისთვის მხოლოდ ფაქტი კი არა, განცდილი გამოცდილება იყო.

 

ზურაბ პაპასქირის სიტყვებში ისმოდა არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ ერთგვარი გაოცებაც – როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი მკაფიო ხილვა, მეხსიერება დროის შიგნით. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა, აგრეთვე, ბატონი ვახტანგის გამორჩეულ ეროვნულ სულისკვეთებას, რაც მაშინ აფხაზეთში შედარებით იშვიათად შეიმჩნეოდა.

 

ბატონმა ზურაბმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ბატონი ვახტანგის ლექციების ჩანაწერები არ გვაქვს და, საერთოდაც, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის თუ იმდროინდელი სიძნელეების გამო ნაკლებად აქვეყნებდა წიგნებს.

 

ჯონი მარღანიას მონათხრობი უკვე ხელოვნებას ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ იგი არამხოლოდ მეხსიერების მატარებელი, არამედ იმპროვიზაციის ოსტატი ყოფილა. მისი საუბარი არ იყო მხოლოდ მოგონება, ეს იყო შთაბეჭდილების ხელახალი განცდა. ჩვენ წინაშე გაცოცხლებული ფრაგმენტები იმ ლექციებისა, რომლებმაც სტუდენტური წლები დაუვიწყარ თავგადასავლად აქცია.

 

ჯონი მარღანიამ დაგვიხასიათა იგი იმ ჟესტიკულაციითა და მიმიკებით, რომლებსაც მისი ლექციები სრულიად სხვა განზომილებაში გადაჰყავდა. თითოეულ სიტყვას მოძრაობა ახლდა, თითოეულ ფრაზას – გამომსახველობა.

 

ბრწყინვალედ გააცოცხლა ეპიზოდი ბატონ ვახტანგის ლექციიდან ილია ჭავჭავაძის შესახებ, კერძოდ, როგორ შეხვდნენ მლეთის აღმართზე ერთმანეთს ილია და გრიგოლ ორბელიანი. ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე ჩქარი ნაბიჯით მიდის პეტერბურგისაკენ, მომავლის გზაზე მიმავალი; მის საპირისპიროდ კი დინჯად და სიფრთხილით დგამს ნაბიჯებს გრიგოლ ორბელიანი.

 

ჯონი მარღანიას თქმით, ბატონ ვახტანგს იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა. იხსენებს, როგორ ყვებოდა ვახტანგი დადეშქელიანის მიერ გენერალ გაგარინის მკვლელობის ამბავს – ისე ხალისიანად და ოსტატურად, რომ ერთი შეხედვით ვერასდროს იფიქრებდი, ამგვარად მშვიდ გარეგნობაში ასეთი ცოცხალი იუმორი თუ იმალებოდა.

 

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და გულწრფელი ფრაგმენტი ეკუთვნოდა თამილა ზვიადაძეს, რომელიც ვახტანგ ვახანიას სტუდენტი ყოფილა და წლების შემდეგაც გულში შემორჩენილი ხმა დღემდე თან სდევს. გვიამბო წარსულზე სიდინჯით, ღირსეულად და იმ დამახასიათებელი ქალური სითბოთი, რასაც მხოლოდ ნამდვილი პატივისცემა აჩენს.

 

თამილა ზვიადაძე ყვებოდა, რომ პროფესორ ვახანიას სწორედ იმ ცხოვრებისეულ გზაჯვარედინზე შეხვედრია, როცა გაურკვევლობა და შინაგანი ეჭვები ფაქიზად იპარებიან ახალგაზრდის სულში. ბატონმა ვახტანგმა დაარწმუნა ის, რომ აბსოლუტურად სწორ ფაკულტეტზე მოხვდა. ეს იყო ის, რისი მოსმენაც ასე სწყუროდა.

 

მისთვის ვახტანგის ლექცია იყო ცოცხალი ტექსტი, ემოციებით სავსე, სწორედ ამიტომ არ სურდათ სტუდენტებს გამოსასვლელი ზარის მოსმენა – არ სურდათ, თვალწინ გათამაშებული ეს ინტელექტუალური სპექტაკლი წუთითაც კი გაწყვეტილიყო.

 

ვახტანგ ვახანიას გარდამავალი ინტონაციები, სიტყვაში ჩადებული სული და აუდიტორიებში შექმნილი ატმოსფერო - ყველაფერ ამას თამილა ზვიადაძე ერთი ფრაზით შემაჯამებლად ასახავს: ის იყო ერთი მსახიობის თეატრი.

 

საღამოს ბოლო, ხუთწუთიანი რეგლამენტი, მხოლოდ ციფრით იყო მცირე – ემოციურად კი ვრცელი.

 

პირველად სიტყვით ნანა კვარაცხელია გამოვიდა – დათო ვახანიას თანაკლასელი და პროფესორ ვახტანგ ვახანიას მეზობელი. მისი ხმა ბავშვობის ეზოდან, ვახტანგის სამეზობლოდან გამოტანილ სითბოს შეიცავდა. თუმცა დღეს ის მხოლოდ თავის სახელით არ გამოჩენილა: იგი იქ იმყოფებოდა, როგორც ხმა სხვა სოხუმელი მეცნიერისა – ვანო ქვაჩახიას, ადამიანის, რომელსაც უდიდესი პატივისცემა აკავშირებდა ვახტანგ ვახანიასთან.

 

ქალბატონი ნანას მონათხრობით გავიგეთ, რომ რუსმა მეზობელმა, დიდი თხოვნის შემდეგ, ქვაჩახიას ოჯახიდან თბილისში გამოაგზავნა არქივი. სწორედ ამ სანუკვარ მასალაში აღმოაჩინეს ვახტანგ ვახანიას წერილი – ინტერპრეტაცია ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისას“ შესახებ. ბატონ ვანოს ამოუღია ეს ტექსტი, გაუკეთებია მისთვის ყდა, ზედ კი საკუთარი ხელით დაუწერია – ვახტანგ ვახანია.

 

ეს წერილი შემორჩა. შემორჩა იმიტომ, რომ მეხსიერებას ხალხი ინახავს, ხოლო გადმოსაცემად ყოველთვის მოიძებნება ერთი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. სწორედ იას, ვანო ქვაჩახიას ქალიშვილის თხოვნით გადაეცა ეს ნაშრომი ნანა კვარაცხელიას ხელით ნინო ვახანიას. წერილი, ახლა უკვე ოდნავ გაყვითლებული და შელახული, როგორც თვითონ სოხუმის ბედისწერა – დაბრუნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. როგორც დანატოვარი, როგორც საჩუქარი, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ხსოვნა გადარჩა.

 

ამ მცირე მონაკვეთში მოვისმინეთ მანანა ქაჯაიას მოგონებებიც. მისი გამოსვლა განსაკუთრებულად თბილი და პიროვნული იყო. მან ბატონი ვახტანგ ვახანია გაიხსენა არამარტო როგორც პროფესორი, არამედ როგორც უნივერსიტეტის სული, ვისთანაც აკადემიური გზაც აკავშირებდა.

 

„შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა“, ეს სიტყვები, რომლებიც იმ დღეს გაისმა, იყო ზუსტი სათქმელი. სწორედ ამ შეგრძნებით, ამ ემოციით მივუახლოვდით ეპილოგს ნინო ვახანიას სიტყვებით.

 

მის ხმაში იყო ყველაფერი, რაც სახლში გვესმის: ხანდახან ღიმილიანი, ხანდახან განვლილი ტკივილით გატაცებული, მაგრამ ყოველთვის შინაურულად თბილი. მან გაიხსენა მამის იუმორი, ის წვრილმანები, რაც მას მარტო შვილობას კი არა, მემკვიდრეობას ანიჭებს. დაგვიხატა ორ განზომილებაში მცხოვრები ადამიანი და ისურვა სოხუმელთა სიზმრების ახდენა.

 

განსაკუთრებულად კი მადლიერებით მიუბრუნდა ტიტე მოსიას – ადამიანს, რომელმაც ამ დღისთვის არამხოლოდ საღამოს, არამედ დროის მეხსიერების ორგანიზება შეძლო.

 

მთელი შეხვედრის განმავლობაში ეკრანზე რეტროსპექტულად ჩნდებოდა ძველი, გადარჩენილი სურათები, რომლებიც ბევრ რამეს უთქმელადაც გვიყვებოდნენ. ეს აუცილებელი ფონი უზრუნველყო მალხაზ აბულაძემ.

 

და ბოლოს, დარბაზში იჯდა მომავალი თაობა – ჩვენ.

 

ჩვენ დავინახეთ არა უბრალოდ ადამიანები, არამედ სიყვარულით გამთბარი განათლება. დავინახეთ, როგორ იქცა ერთი ადამიანი ისტორიად.

 

ქეთევან ხუხუნაიშვილი,

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტი

ფოტო გალერეა