სიახლეები

შეხვედრა პოეტ დავით მაღრაძესთან

ემოციურად დამუხტული აღმოჩნდა დავით მაღრაძის სტუდენტებთან შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

ღონისძიება გაიმართა პოეტ დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ ენაზე გამოცემულ თარგმანთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ წრეებში.

შეხვედრა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც, აუდიტორიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას, როგორც კულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმას. ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები, სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ განსაკუთრებული მნიშვნელობის ავტორებსა და მათ შემოქმედებას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ დავით მაღრაძე იმ გამორჩეულ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც მუდმივად დგას საქართველოს ერთიანობისა და ღირსების დაცვის წინა ხაზზე.

დავით მაღრაძის შემოქმედებაზე ისაუბრა სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა ტურავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია კულტურული დიალოგის გაღრმავებისთვის. 

სტუდენტებმა და აკადემურმა პერსონალმა, პოეტს, არაერთი საინტერესო კითხვა დაუსვეს. გამართული დიალოგი განსაკუთრებით საინტერესოდ და გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა.

შეხვედრა თანამშრომლობის, დიალოგისა და კულტურული ურთიერთგაგების მიმართულებით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

ფოტო გალერეა