სიახლეები

შეხვედრა სტუდენტებთან

2022 წლის 3 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ისტორიული აღმოჩნდა, რადგან მას ერთდროულად, სხვადასხვა წლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი ღვაწლმოსილი რექტორი ესწრებოდა – მოქმედი რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და ყოფილი რექტორები: აკადემიკოსი ოთარ ჟორდანია და პროფესორი ჯონი აფაქიძე.

 

– ჩვენ, სამივე რექტორს, გარკვეული პასუხისმგებლობა გვაკისრია იმისათვის, რომ თქვენი მომავალი მკაფიოდ იყოს განსაზღვრული წარმატებისთვის. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შრომა და ენერგია ჩადო და აქამდე მოიყვანა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ამ უნივერსიტეტის როგორც რექტორობა, ასევე სტუდენტობა არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ შევქმენით აფხაზ ძმებთან ურთიერთობის ახალი ფორმა – საუნივერსიტეტო დიპლომატია და ჩვენი ცოდნა და გამოცდილება უნდა გადმოგცეთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომელმაც ჩვენი დაწყებული საქმე წარმატებით უნდა გააგრძელოს და აფხაზეთთან მშვიდობის შენების საკითხებში წამყვანი როლი ითამაშოს, – განაცხადა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

ო. ჟორდანიამ და ჯ. აფაქიძემ სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს. მათ ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტის რთულ, მაგრამ ღირსებით გავლილ გზას, რომელმაც პიროვნული სიმტკიცით აღავსო სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

შეხვედრა მეტად თბილ და მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა. სტუდენტებმა რექტორს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რომელზედაც ამომწურავი პასუხები მიიღეს. რექტორმა მათ ყველა საკითხში დახმარება აღუთქვა.

 

გადაწყდა, რომ ამგვარი ღონისძიებები კვლავ სისტემატური გახდება და შემდეგი საინფორმაციო შეხვედრაც დაიგეგმა.  

 

ფოტო გალერეა