2023 წლის 21 და 22 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორნელი
კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად მესამედ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო
ფორუმს „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი.“ მიმდინარე წელს კონფერენცია ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან
160 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენცია შერეულ ფორმატში
ჩატარდა - 21 დეკემბერს გაიმართა კონფერენციის გახსნა, პლენარული სხდომა და სექციების მუშაობა პირისპირ, ხოლო 22 ნოემბერს სექციურ მუშაობაში
ონლაინ ჩაერთნენ საქართველოს და სხვა ქვეყნის მეცნიერები.
კონფერენცია გახსნა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც დამსწრე
საზოგადოებას აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, განათლებისა და პოლიტიკის შესწავლის, პოპულარიზაციის,
მეცნიერთა ახალი თაობების დაინტერესებისა და კვლევითი არეალის გაფართოების მნიშვნელობა შეახსენა. გამოსვლაში აღინიშნა, რომ სსუ ყოველთვის დაუჭერს მხარს
მსგავსი ტიპის სამეცნიერო ფორუმებს,
რომლებიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სწორ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მეცნიერული
კვლევების გავრცელებისთვის; აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა მესამე
საერთაშორისო კონფერენციის ფართო ფორმატით ჩატარებას მიესალმა აფხაზეთის
ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის
სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს შორის ჩამოყალიბებულ
ტრადიციულ სამეცნიერო ურთიერთობებს ხაზი გაუსვა ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სწავლულმა
მდივანმა, სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების
უფროსმა, პროფესორმა შალვა გლოველმა. მან მაღალი შეფასება მისცა თანამშრომლობას საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლისა და
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, რომლებიც ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. სამეცნიერო
- კვლევითი საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფასა
და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ,
რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი სექციური მუშაობა და სამეცნიერო წარმატებები
უსურვა. კონფერენციის მონაწილეებს თბილი მისასალმებელი სიტყვით მიმართა შავი ზღვის
საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ავალიანმა. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ ისაუბრა კონფერენციის თემატიკის გაფართოების
აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა შორის არ შეიძლება მხოლოდ
მატერიალური კულტურა მოიაზრებოდეს, ფასეულობაა ყველაფერი, რაც კოლექტიურ ისტორიულ მეხსიერებასთან
არის კავშირში: ისტორია, ენა, ტრადიციები, ლიტერატურა, განათლება, სასკოლო განათლების პრობლემები, პოლიტიკური მოწყობისა
ან საერთაშორისო ურთიერთობებში
აფხაზეთის თემის განხილვის საკითხები. იდეის დისემინაციის მიზნით, კონფერენციის სექციურ
მუშაობაში ჩართულია სხვა საინტერესო მოხსენებებიც.
ორი დღის მანძილზე სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მკვლევართა გარდა ჩართული იყო: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა
და კულტურის სამინისტროს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის,
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ, ბერკლი), საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და
სპორტის უნივერსიტეტის, ბელგრადის საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტის (სერბეთი), სამცხე - ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთი), პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის სახელობის უნივერსიტეტის (ბულგარეთი),
კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მოლდოვა),
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რუსულ-ჩინური
საინვესტიციო საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის (რუსეთი), დუზჯეს უნივერსიტეტის
(თურქეთი), ტალინის განათლების ფონდი „ინოვეს“ (ესტონეთი) 50-ზე მეტი მეცნიერი და აკადემიური პერსონალი.
მოხსენებათა ძირითადი თემატიკა აფხაზეთის ისტორიის,
კულტურის, ლიტერატურის, განათლების, ეთნოგრაფიის, პოლიტიკური მოწყობისა და საერთაშორისო
ურთიერთობებში განხილვის
საკითხებს შეეხო. პლენარულ სესიაზე ცალკე მოხსენება მიეძღვნა აფხაზეთის თემატიკას ექვთიმე
თაყაიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაში.
დასასრულს კონფერენციის მიმდინარეობისა და სექციებზე
წარდგენილი მოხსენებების რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს სექციის ხელმძღვანელებმა და
მომხსენებლებმა, პროფესორებმა: ჯემალ გამახარიამ, ომარ არდაშელიამ, თამარ
ქორიძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა: კახა კვაშილავამ,
თამარ შინჯიაშვილმა, თეა ქართველიშვილმა, ირინა გოგონაიამ, ლევან ჯინჯიხაძემ,
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ნონა
ქარაიამ, ნონა შონიამ და სხვებმა.
კონფერენციის ორდღიანი მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ.
კონფერენციის ფარგლებში გამოიცა ფორუმის დღის წესრიგი, პროგრამა და სერტიფიკატები; გამოქვეყნდა კონფერენციის თეზისების ელ-ვერსია; რეკომენდირებული მოხსენებები დაიბეჭდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში.
იხ. კონფერენციის პროგრამა