სიახლეები

თურქეთის ელჩი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

2023 წლის 17 იანვარს, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მოწვევით, უნივერსიტეტს ეწვია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ალი ქაან ორბაი. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს თან ახლდნენ განათლების საკითხებში ელჩის მრჩეველი, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი და საელჩოს თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი ეკატერინე ახვლედიანი.

რექტორმა ელჩს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისი განსაკუთრებული მისია და როლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ისაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეის და მნიშვნელობის შესახებ, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე საუნივერსიტეტო-სამეცნიერო და დიპლომატიური პროცესების განვითარებისათვის. აღინიშნა, რომ ეს იდეა მხარდაჭერილია თურქეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ და უახლოეს ხანებში სტამბოლის უნივერსიტეტი პროფესორ ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციებს უმასპინძლებს. რექტორმა ელჩს მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ბატონმა ალიმ მადლობა გადაუხადა რექტორს მოწვევისა და გულთბილი მიღებისათვის. მან ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას:
– ასეთი ბედის უნივერსიტეტი ცოტაა მსოფლიოში და ერთადერთია ჩვენს რეგიონში. მე მაქვს ინფორმაცია ამ სასწავლებლისა და თქვენი მოღვაწეობის შესახებ. ჩვენ ვიცით, როგორ ყურადღებას აქცევთ „თურქოლოგიას“ და კვლევებს ამ მიმართულებით. თქვენგან მიღებული ახალი ინფორმაციები ჩემთვის მეტად საყურადღებო და საინტერესოა. საქართველოში თურქეთის საელჩო ყველანაირად მხარს დაგიჭერთ, თუკი ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში თქვენთვის საინტერესო იქნება. 

ფოტო გალერეა