სიახლეები

თურქეთის მოქალაქემ დისერტაცია დაიცვა

2024 წლის 28 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ „ქართული ენათმეცნიერების“ სადოქტორო პროგრამაზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, დოქტორანტმა ილქიზ შენელ უზუნქაიამ, პროფესორ მერაბ ნაჭყებიას და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია მესხიძის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია თემაზე „ზნეობრივი ფასეულობების გამომხატველი ლექსიკა ქართულ და თურქულ ენებში (ორჰან ფამუქის ქართული თარგმანების მიხედვით)“.

 

სადისერტაციო ნაშრომის ექსპერტები გახლდნენ დუზჯეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებული პროფესორი მაკა სალია  და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მაშია.

 

კვლევის ოფიციალურმა რეცენზენტებმა ბატონმა მეჰმედ ნადირ აჯეთმა (ფილოლოგიის  დოქტორი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი)) და ქალბატონმა მანანა ტაბიძემ (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი) წარმოდგენილ სადისერტაციო ნაშრომს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს.

 

დისერტაციის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბატონმა როსტომ ჩხეიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ.

 

სამეცნიერო დისკუსიის შემდეგ, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ ილქიზ შენელ უზუნქაიას ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

 

აღნიშნული სადისერტაციო კვლევა წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად უცხოელი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთო კვლევით პროექტს ახორციელებენ. ჩვენი უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა „ქართული ენათმეცნიერებისათვის“ ეს უკვე მეორე წარმატებული დაცვაა უცხოელი დოქტორანტის მონაწილეობით.

ფოტო გალერეა