სიახლეები

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების სამრჩევლოს წარმომადგენელთა ვიზიტი

 2022 წლის 15 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების სამრჩევლოს წარმომადგენლობა: განათლების საკითხებში ელჩის მრჩეველი, პროფესორი სუათ ქოლუქირიქი და პროფესორი სალიჰ უჩაკი.

 

სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები – პროფესორი გიორგი ანთელავა და ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა, თურქული ენის მასწავლებელი, ქალბატონი ელიზა გერანტია.

 

რექტორი მიესალმა სტუმრებს და მწუხარება გამოთქვა ქ. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო. მან თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია, მისი როლი და მნიშვნელობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და ის მჭიდრო კავშირები, რაც სსუ-ს თურქეთის საელჩოსთან, თურქეთის უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (იუნუს ემრეს ინსტიტუტითურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA))ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საზოგადოება) გააჩნია.

 

ამასთან ისაუბრა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ საკითხით ძალიან დაინტერესებული არიან თურქეთში.

 

ბატონმა ს. ქოლუქირიქმა ბატონ რექტორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და გააცნო ვიზიტის მიზანი: საელჩოს განათლების სამრჩევლოს აინტერესებდა „თურქოლოგიის“ მდგომარეობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ის საჭიროებები, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელების წინაშე დგას; სამრჩევლო მზადაა, პროგრამას ყოველგვარი დახმარება გაუწიოს, ამასთან ერთად, მზადაა ხელი განახორციელოს როგორც სტუდენტთა, ასევე – აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამები.

 

– ბატონო რექტორო, მე აღრფთოვანებული ვარ იმით, რაც ახლა თქვენგან გავიგე. თქვენგან დიდი პოზიტიური განწყობილება მოდის. ამასთან ძალიან ღრმაა განათლებისა და დიპლომატიის სინერგიის ის საკითხები, რაც დღეს ჩვენ გაგვიზიარეთ – აღნიშნა პროფესორმა სუათ ქოლუქირიქმა. – მე, როგორც სოციოლოგს, მეცნიერს და თქვენ, როგორც რექტორს, პოლიტიკის მეცნიერს, დიპლომატს, ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო. ამიტომ მზად ვარ, ხშირად შევხვდეთ, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემების ირგვლივ, რაც, დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.

 

ვიზიტის ბოლოს, სტუმრებმა „თურქოლოგიის“ კაბინეტი და იქ არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პერსონალთან ისაუბრეს აკრედიტაციის მიმდინარეობაზე. გამოითქვა მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც.

ფოტო გალერეა