სიახლეები

თურქეთის საისტორიო საზოგადოებამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

2021 წლის 26 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის საისტორიო საზოგადოების დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ბიროლ ჩეთინი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ ზურაბ ხონელიძე და ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობათა და თურქოლოგიის მიმართულებების წარმომადგენლები (ასოცირებული პროფესორები ომარ არდაშელია, ლია ახალაძე, კახა კვაშილავა) წლებია აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ თურქეთის საისტორიო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფორუმებში.

სტუმრებს უმასპინძლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც მათ გააცნო უნივერსიტეტის როლი და მისია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, მისი მნიშვნელობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით. თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საუნივერსიტეტო დიპლომატიის მიმართ და გამოთქვეს წინადადება, რომ თურქულად თარგმნიდნენ და თურქეთშივე გამოსცემდნენ ზ. ხონელიძის ახალ მონოგრაფიას „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თურქეთის საისტორიო საზოგადოება მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც 1931 წელს ათათურქმა დაარსა და მისი მიზანია თურქეთისა და თურქი ხალხის ისტორიის კვლევა.

დელეგაციაში ასევე შედიოდა საქართველოსა და ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი იბრაჰიმ თელიოღლუ.

 

ფოტო გალერეა