სიახლეები

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და  RTI - ის საერთაშორისო მისიის  ხელმძღვანელს,  ქალბატონ ნენსი პარკსს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება წოდება მიენიჭა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივნისის  გადაწყვეტი­ლე­ბით, საქართველოში ზოგადი განათლების მასწავლებელთა საუნივერ­სი­ტეტო საგანმა­ნა­თ­ლე­ბ­ლო პროგრამებისა და სასკოლო განათლების განვითარებაში შეტანილი  გან­სა­კუ­თრებული  წვლი­ლისთვის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და  RTI International - ის საერთაშორისო მისიის ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლის ქალბატონ ნენსი პარკსს სსუ-ს საპა­ტიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ქალბატონი ნენსი პარკსი წლებია საქართველოში მოღვაწეობს და დაწყებითი განათ­ლე­ბის პროექტებს ხელმძღვანელობს. ფაქტობრივად, ამ დროის მანძლზე ამერიკელი ქალბა­ტო­ნისთვის საქართველო მეორე სამშობლო გახდა. 2020 წლიდან  საქართველოში USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას  და სამმხრივი კვლევების ინსტიტუტის  - RTI International-ის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტი პროექტის  ბენეფიციარია, რომლის ფაგრლებში უნივერსტეტმა შეძლო მასწავლებლის მომზადების პროგრამების (ზოგადი განათლების მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის)  კურიკულუმების გაუმჯობესება  და სილაბუსებში ინოვაციური მასალების ინ­ტე­გ­­რირება, გააფართოვა უნივერსიტეტის თანამშრომლობა სკოლებთან, განსაკუთრებით მცხე­თა-მთია­ნე­თის რეგიონის საჯარო სკოლებთან, პროგრამული აკრედი­ტა­ციი­სთვის მოამზადა ახალი სილაბუსები და სასწავლო რესურსები, შექმნა იდეა­ტო­რ­თა და მკითხველთა კლუბები, ჩაატარა კვლევები სკოლებში  და რაც მთავარია, გაზარდა  სსუ-ს მასწავლებელთა პროგ­რა­მე­ბში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის გა­მო­ც­დი­ლე­ბა და ა. შ. ნენსი პარკსის და მისი გუნდის მხარდაჭერამ,  პროექტის მაღალპროფესიულმა    მენე­ჯ­მე­ნტმა, ცოდნამ და გამოცდილებამ  მნიშვნე­ლო­ვ­ნად გა­ზა­რ­და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქა­რთ­­ველოს უნივერსიტეტების წარმატების კოეფიციენტი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის განხორციელების პროცესში.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურმა საბჭომ მაღალი შეფასება მისცა  ქალბატონი ნენსი პარკსის   მოღვაწეობას საქართველოში და სრულიად გაიზიარა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის კოორდინატორის წარდგენა უნივერ­სი­ტეტის  საპატიო დოქტორის წიდებაზე.  2023 წლის 14 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საზეიმო ვითარებაში გაიმართა უნივერსიტეტის ახალი საპატიო დოქტორის ინაუგურაცია. უნივერსიტეტის   რექტორმა პროფ. ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნენსი პარკსს  საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისა და სასკოლო და საუნი­ვერ­სი­ტე­ტის განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პროექტის წარმატებებზე და ქალბატონი ნენსი პარკსისა და მისი გუნდის მხარდაჭერაზე იუსაუბრეს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორმა მანანა რატიანმა, პროგრამის უნივერსიტეტებთან კოორდინატორმა ანა აბულაძემ, პროგრამის მენეჯერმა სსუ-ში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  ასოც. პროფ. ლია ახალაძემ და პროექტის  ადმინისტრაციულმა მენეჯრემა სსუ-ში, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის გუნდის წევრებმა: ასოც. პროფ. ელისაბედ გარაყანიძემ, მ/დოქტ. მაია ფირჩხაძემ, ასოც. პროფ. თეიმურაზ ორმოცაძემ, ასისტენტმა ლევან კვარაცხელიამ, სსუ დოქტორანტმა გიორგი ლორიამ, წეროვნის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ინგა ხალიბეგაშვილმა, რომლებმაც გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ქალბატონ ნენსი პარკსს, საქარ­თ­ვე­ლო­შიUSAID - ის საბაზისო განათლების პროგრამას და RTI -ის საერთაშორისო მისიას უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენმა ქვეყანამ და უნივერსიტეტმა კეთილშობილი ამერიკელი ქალბატონის სახით საიმედო მეგობარი და მხარდამჭერი შეიძინა.

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

ფოტო გალერეა