სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი Vinifera EuroMaster-ის პროგრამის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საქართველოში უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, აღნიშნულ პროგრამას სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაუწევს კოორდინაციას.
შეხვედრაში მონაწილეობდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი და 7 ევროპული უნივერსიტეტის 14 წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც მონპელიეს აგრო ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი პატრის ლალმანი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ მონპელიეს აგრო ინსტიტუტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმის წევრია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად კოორდინაციას უწევს მევენახეობა-მეღვინეობის ორმაგი დიპლომის პროგრამას.
მსგავსი ყოველწლიური შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა Vinifera EuroMaster-ის პროგრამის შედეგების შესაფასებლად და აკადემიური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივების განსახილველად. საქართველოს, საფრანგეთსა და ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ეს პროგრამა ნათლად წარმოაჩენს სტუდენტთა აკადემიური მობილობის, ცოდნის გაზიარებისა და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში სპეციალისტთა ახალი თაობის მომზადების მნიშვნელობას.
