სიახლეები

აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 4 მარტს გაიმართა აფხაზეთის გასაბჭოების 100-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ-კონფერენცია.

 

მონაწილეებსა და აუდიტორიას მიესალმნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

 

კონფერენციაზე აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს:

·      აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ – „აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“;

·      სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა – „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“;

·      საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ – „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“.

 

კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზედაც გამოვიდნენ: ისტორიის დოქტორი ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი გურამ მარხულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის დოქტორი კახა კვაშილავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დეპუტატები: ნუგზარ მჟავია, თამაზ ხუბუა.

 

გთავაზობთ ბატონ ზ. ხონელიძის სიტყვას: „აფხაზეთში ბოლშევიკური მოძრაობის აღორძინება 1919 წლიდან იწყება. 1919 წლის აპრილში შეიქმნა დროებითი ბოლშევიკური კომიტეტი. იმავე წელს კომუნისტებმა დაარსეს ახალი იატაკქვეშა კომიტეტი ს. კუხალეიშვილის თავმჯდომარეობით. ბოლშევიკებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს სეპარატისტულ ნაწილს.

ბოლშევიკური მოძრაობის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო საქართველო-რუსეთს შორის დადებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას ითვალისწინებდა. ამ მოძრაობას რეალურად რუსეთის საელჩო წარმართავდა. 1920 წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა აფხაზეთში ბოლშევიკთა შეიარაღებული გამოსვლა. დაგეგმილი ამბოხების მოთავეებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გაგრის ფრონტზე განლაგებულ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილებთან, საიდანაც მიიღეს შეიარაღება და დიდძალი ფინანსური დახმარება. გაგრაში მოქმედი რევკომი ჯაშუშურ მასალებს აწვდიდა საბჭოთა ჯარებს. საქართველოზე წითელი არმიის შეტევის მომენტისთვის მას შეირაღებული აჯანყება უნდა მოეწყო. რაზმის უშუალო ამოცანას „ქართული ფრონტის ზურგის მოშლა“ და „გაგრის ქართული ფრონტის ლიკვიდაცია“ წარმოადგენდა. აჯანყებისთვის მზადებას თან ახლდა მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავება, „ავრცელებდნენ ხმებს აფხაზეთის საქართველოსგან ჩამოცილების შესახებ, ურჩევდნენ აფხაზებს რუსეთთან შეერთებას“.

სახელმწიფოს მიერ მიღებული საჭირო ზომების შედეგად აფხაზეთში განადგურებულმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა, 1921 წლისთვის ისევ დაიწყეს აღორძინება. 1920 წელს ს. ორჯონიკიძე და ს. კიროვი რუსეთის კომპარტიის ცეკას არწმუნებდნენ  საქართველოს ძალით გასაბჭოების აუცილებლობაში და წერდნენ, რომ საჭირო არ არის უშუალო თავდასხმა, არის „შესაძლებლობა დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთში, აჭარაში და ბორჩალოს მაზრაში“.

1921 წლის 14 თებერვალს რკპბ ცკ-ს კავბიუროს მითითებით, აფხაზეთში ბოლშევიკთა საოლქო კომიტეტი ჩამოყალიბდა. 18 თებერვალს შეიქმნა დროებითი რევოლუციური კომიტეტი , რომელშიც შევიდნენ ი. ჟვანია, ე. სვერდლოვი და მ. ცაგურია. მის ამოცანას ადგილობრივი რევკომებისა და მეამბოხეთა რაზმის ფორმირება წარმოადგენდა. კავბიუროს წარმომადგენელი ა. საჯაია მ. ცაგურიას სწერდა,  რომ მალე მოხდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და აფხაზეთს თვითგამორკვევის უფლება მიეცემოდა: „აფხაზებს აქვთ უფლება ისეთივე თავისუფალი განვითარებისა, როგორიც მისცა საბჭოთა რუსეთმა ყოფილი რუსეთის იმპერიის ყველა მცირერიცხოვან ხალხს“, – წერდა ა. საჯაია წერილში.

ცხადია, „რევოლუციური“ მოძრაობა აფხაზეთში ინსპირირებული იყო გარედან და იმართებოდა არააფხაზი ბოლშევიკების მიერ.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI არმიამ თბილისი დაიკავა.  გაგრის მხრიდან შემოსულმა IX არმიის ნაწილებმა კი 4 მარტს სოხუმი დაიპყრეს.

6 მარტს არსებობა შეწყვიტა აფხაზეთის დროებითმა რევკომმა და ძალაუფლება კავბიუროს მიერ ე. ეშბას, ნ. ლაკობასა და ნ. აქირთავას შემადგენლობით შექმნილ საოკუპაციო ორგანოს – რევკომს გადაეცა. 1921 წლის მარტში დასრულდა საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის ოკუპაცია შემდგომი ანექსიით.

იძულებით გასაბჭოებული აფხაზეთი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს მოქმედების ქვეშ მოექცა. 

1921 წლის 28 მარტს ბათუმში გამიმართა საოკუპაციო ორგანოთა – კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირი გ. ორჯონიკიძის, შ. ელიავას, ს. ქავთარაძის,  მ. ტოროშელიძის, ე. ეშბას და ნ. ლაკობას მონაწილეობით. მათ დაადგინეს: „აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე საბჭოთა აფხაზეთის რსფსრ-სთან თუ საქართველოს სსრ-სთან ფედერაციის საკითხი რჩება ღიად და აფხაზეთი ცხადდება სოციალისტურ რესპუბლიკად“.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა წარმოადგენდა წმინდა წყლის ფიქციას. ე. წ. დამოუკიდებლობა მოგონილი იყო საქართველოს დაშოშმინების, დამოუკიდებლობის სურვილის სამუდამოდ ჩაკვლის მიზნით.

რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებლო ორგანომ საქართველოში – რევკომმა 1921 წლის 21 მაისს აღიარა აფხაზეთის სსრ, მაგრამ იქვე გამოთქვა  იმედი, რომ საკითხი საქართველოს სსრ და აფხაზეთის სს ურთიერთობის შესახებ საბოლოოდ გადაწყდებოდა ორივე რესპუბლიკის „მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე. ეს აღიარებაც ფორმალურ ხასიათს ატარებდა. საქართველოს რევკომს აფხაზეთის სტატუსი საერთოდ არ განუხილავს. საბჭოთა აფხაზეთის ხელმძღვანელები ე. ეშბა და განსაკუთრებით ნ. ლაკობა ხშირად აღნიშნავდნენ, რომ „დამოუკიდებლობა“ გამოცხადდა დროებით, „ერთი წუთით“, რომ ეს იყო მხოლოდ „აბრა“.

აფხაზეთი „ერთი წუთითაც“ არ ყოფილა რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული. რეგიონის მმართველი პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების, მათი პირადი შემადგენლობის დამტკიცება ხდებოდა ქართველი ბოლშევიკების ხელმძღვანელობით თბილისში მოქმედი კავბიუროს გადაწყვეტილებით. საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები აფხაზეთის რევკომს თავიანთ განკარგულებებს ქართულ ენაზე უგზავნიდნენ.

1921 წლის 16 დეკემბერს საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს საკავშირო ხელშეკრულებას. აფხაზეთი გახდა კავშირის არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ საქართველოს შემადგენელი ნაწილი. დოკუმენტის მეოთხე პუნქტში ეწერა: „ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკის ფედერაციაში აფხაზეთი შედის საქართველოს მეშვეობით, რომელიც აძლევს მას თავისი ადგილების ერთ მესამედს“.

აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ 1922 წლის 17 თებერვალს მოიწონა ხელშეკრულება საქართველოსთან. აფხაზეთის სსრ-ს შესვლა  საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში დაადასტურა სრულიად საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მიღებულმა კონსტიტუციამ, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე“.

ფაქტობრივად და იურიდიულად აფხაზეთის სსრ წარმოადგენდა საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკას. სწორედ ამგვარად მოიხსენიებოდა საქართველოს კომპარტიის 1922 წლის დადგენილებაში აფხაზეთი ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ადგილების გადანაწილების შესახებ: „მიეცეს: ცენტრს 35, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს სამ-სამი ადგილი“.



 

ფოტო გალერეა