სიახლეები

აფხაზეთის ომი – 30 წელი

2022 წლის 13 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად გამართეს პრაქტიკული სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთის ომი – 30 წელი“, მიძღვნილი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30-ე წლისთავისადმი.

 

მონაწილეებს მიესალმნენ უმაღლესი საბჭო თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.

 

– თუ არ ვიცით ისტორია, ვერ გავაანალიზებთ აწმყოს და, შესაბამისად, ვერ გავიაზრებთ ჩვენს ნაბიჯებს მომავალში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წარსულში იმედი არაა. იმედი მხოლოდ მომავალშია. ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ბედის თანაზიარია და ის ამ დღის წესრიგით ცხოვრობს. ის, როგორც ყველაზე ეროვნული ქართული უმაღლესი სასწავლებელი, ხიდად უნდა იქცეს კონფლიქტით დაშორიშორებულ ჩვენს საზოგადოებებს შორის და სწორედ ამიტომაც, უმაღლეს საბჭოსთან ერთად, ვმართავთ ამ კონფერენციას, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს 30 წლის წინანდელ წარსულზე, რომ ჩვენი ­– ქართველებისა და აფხაზების – საერთო მომავალი გავიაზროთ. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ორიოდე კვირის წინ სტამბოლში გახლდით მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიოს პატრიარქის, ბართლომეოს I-ს ლოცვა-კურთხევით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. საოცრად გაკვირვებული დავრჩი ჩვენი ისტორიისა და პრობლემები იმ სიღრმისეული ცოდნით და ინფორმირებულობით, რომელიც მის ყოვლადუწმიდესობას გააჩნია. ბართლომეოს I-მა სრულიად გარკვევით დააფიქსირა მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ: ერთი სახელმწიფო, ერთი ეკლესია, ერთი პატრიარქი. მისი თქმით, ვინც ამ ფორმულირებას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება მსოფლიო საპატრიარქოს. პატრიარქი ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორადაა არჩეული და ამა წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ჩვენ ისევ მივემგზავრებით სტამბოლში, სადაც მას საზეიმო ვითარებაში გადავცემთ შესაბამის დიპლომს. მისმა ყოვლადუწმიდესობამ გვითხრა, რომ მას ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა ყველაზე ძვირფასია მათ შორის. ჩვენი საუბარი ჩემს წიგნსაც შეეხო. ბართლომეოს I-მა გვითხრა, რომ ნაშრომი და იქ გამოთქმული იდეა უნიკალურია, რომლის განხორციელებაში ყველა მშვიდობისმოყვარე ადამიანი უნდა ჩაერთოს და მსოფლიო საპატრიარქო ხელს შეგვიწყობს, რომ ეს წიგნი ყველა იმ პერსონასთან მივიდეს, ვინც საყოველთაო მშვიდობის მოსურნეა, – აღნიშნა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.

 

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა ასოცირებული პროფესორი დაზმირ ჯოჯუა. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ომისწინა მოვლენები გაიხსენეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა: რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, მურმან კვარაცხელიამ, ზურაბ პაპასქირმა, დავით გულუამ, ჯემალ გამახარიამ, ადა მარშანიამ.

 

ნ. მგალობლიშვილი წარსდა ინიციატივით, რათა პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ გიორგი შარვაშიძის პრემიის მოსაპოვებლად იქნას წარდგენილი.

ფოტო გალერეა