სიახლეები

ამერიკელი მათემატიკოსის სტუმრობა სსუ-ში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტეტს ამერიკელი მეცნიერი ეწვია. მათემატიკის ჰაბილიტირებულ დოქტორს, პროფესორ უილიამ (ბილ) მენსს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე რექტორმა ისაუბრა ქართველი და ამერიკელი ხალხების მჭიდრო ურთიერთობასა და მეგობრობაზე. ხაზგასმით აღნიშნული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი. რექტორმა სტუმარს გააცნო „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სახე, როემლიც აკადემიური წრეებისა და დიპლომატთა ერთობლიობას ითვალისწინებს. მან ასევე ისაუბრა, საუნივერსიტეტო სივრცეში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მისიაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში.

– მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. სასურველი იქნება თუ ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, – განაცხადა სტუმარმა.

რექტორთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორმა უილიამ მენსმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია – „ნორმალური რიცხვები“, რომლის პრეზენტირება ინტერნეტითაც ხდებოდა.

პროფესორი უ. მენსმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო კარნეგი მელონის უნივერსიტეტში (აშშ). ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია, ჰაბილიტაცია მიიღო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიაში (IMPAN). ამჟამად მუშაობს პოლონეთის ქ. პოზნანის, ადამ მიცკევიჩის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფოტო გალერეა