სიახლეები

ასოცირებულმა პროფესორმა გელა ცაავამ პოლონეთში ლექციები წაიკითხა

2025 წლის 12-16 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი და განათლების სამშვიდობო ცენტრის მკვლევარი გელა ცაავა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინებით, საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის კოორდინაციით, ორგანიზებითა და ხელშეწყობით ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა „Erasmus+“-ის („სწავლებისთვის პერსონალის მობილობა“) ფარგლებში კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტში (ქ. ვარშავა, პოლონეთის რესპუბლიკა) ასოცირებულმა პროფესორმა გელა ცაავამ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსები „საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევები“ და „აფხაზეთის კონფლიქტის დინამიკა“, სადაც მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და გამოწვევებზე, ამავდროულად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

ოფიციალური გაცნობითი შეხვედრა შედგა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, ევროპული იდენტობის კვლევითი ქსელის კოორდინატორთან, ასოცირებულ პროფესორ ანა სკოლიმოვსკასთან და „Erasmus+“-ის კოორდინატორთან, პოლიტოლოგიისა და საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტის წარმომადგენელ დოქტორ პიოტრ სიენიავსკისთან. აღნიშნულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიების ჩატარება (შეთანხმების თანახმად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება 2-დღიანი საერთაშორისო ონლაინ-კონფერენცია, რომელიც განკუთვნილ იქნება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის).

სამეცნიერო მივლინებისას მკვეთრი აქცენტები გაკეთდა იმ მოსაზრების შესახებ, რომ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+- წარმოადგენს განათლების ხარისხის გაუმჯობესების, სხვადასხვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის განვითარების, ერებს შორის დიალოგისა და ურთიერთგაგების მხარდაჭერის ხელისშემწყობ ფაქტორს.

ფოტო გალერეა