სიახლეები

ახალციხის № 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები გვესტუმრნენ

2023 წლის 3 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა უმასპინძლა ახალციხის № 5 საჯარო სკოლის VIII, IX, X და XI კლასების ორმოცდაათამდე მოსწავლეს.

ფაკულტეტმა მათთვის მომზადდა მრავალფეროვანი და ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შეხვედრას ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიების დათვალიერებას, ქიმიური ცდების დემონსტრაციას, მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობასა და მათი შედეგების პრეზენტაციას.

შეხვედრაზე სტუმრებს მიესალმნენ ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნესტან კეკელია; ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ფაჩულია; ასოცირებული პროფესორი მინედა ჭანტურია; სასკოლო კურიკულუმის განვითარების საგნობრივი ექსპერტი ქიმიის მიმართულებით, ირინა გოგონაია; სსიპ - ახალციხის № 5 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლები კლარა კუპრეიშვილი, ირინა ლაბაძე და ნაზი ტორიაშვილი.

მოსწავლეთა ექსკურსია დაიგეგმა, როგორც სახალისო მოგზაურობა მეცნიერების სამყაროში „გაჩერებებით“ უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიებში: პირველი გაჩერება - მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი (PCR-ლაბორატორია), მეორე გაჩერება – მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მესამე გაჩერება – ფარმაციის ლაბორატორია, მეოთხე გაჩერება – ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლაბორატორია. ყველა „გაჩერებაზე“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ლექტორებმა (ევგენია ხუნძაყიშვილი, მარინა ჭანტურია, ირმა ცომაია, ანტონ ჩიქოვანი), ასევე, ახალგაზრდა დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა (იოსებ გიოშვილი, დარეჯან ირემაშვილი, კესო არონია, ქრისტინე ლობჯანიძე, მარიამ კობახიძე) მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ლაბორატორიები და ესაუბრნენ ამ ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოებისა და კვლევების შესახებ, მოსწავლეები ინიშნავდნენ ინფორმაციას მათთვის საგანგებოდ შემუშავებულ სამუშაო ფურცლებში.

ლაბორატორიების დათვალიერების შემდეგ ქიმიის მიმართულების მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს სახალისო სასწავლო-შემეცნებითი ქიმიური ექსპერიმენტები („წყლის გადაქცევა ღვინოდ“, „წყლის გადაქცევა რძედ“, „ოქროსფერი შემოდგომა“, „სისხლის წვეთები“, „ვულკანის ამოფრქვევა“, „სპილოს ხორთუმი“ და სხვ.), მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყველა ექსპერიმენტის ქიმიურ არსზე. ეს სასწავლო-შემეცნებითი მუშაობა განხორციელდა ჯგუფურად მოსწავლეებისთვის საგანგებოდ შემუშავებული სამუშაო ფურცლების საშუალებით.

სასწავლო ექსკურსია დაიგეგმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებისა და ახალციხის № 5 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლების თანამშრომლობით, მეცნიერების პოპულარიზების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეების ინტერესის გაძლიერების, ამ საგნებში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის თანამშრომლობა სკოლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ფოტო გალერეა