სიახლეები

ახალი რექტორის პირველი სამუშაო დღე

2025 წლის 23 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, სამართლის დოქტორი, ქალბატონი თეა ჯუღელი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

 

ქალბატონ თეას შეხვდა და უნივერსიტეტში შემოუძღვა პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც, როგორც რექტორმა, 2017 წლის 21 ივლისიდან წარმატებით უხელმძღვანელა დევნილ უმაღლეს სასწავლებელს.

 

ბატონმა ზურაბმა ახალ რექტორს გააცნო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი დავით ჯალაღონია, წარმომადგენლობითი საბჭოს ხელმძღვანელი (სპიკერი), ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე.

 

ქალბატონმა თეა ჯუღელმა, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან ერთად, დაათვალიერა უნივერსიტეტის საოცარი და მრავლისმეტყველი ფოიე, რომელიც, შეიძლება ითქვას, სრულად გამორჩეულია. ის დაპროექტებულია ზ. ხონელიძის მიერ და ასახავს უნივერსიტეტის ეროვნულ სულისკვეთებას და მის მისიას.

 

ახლადარჩეული რექტორი იქვე ბიბლიოთეკასაც ეწვია, გაიცნო თანამშრომლები და სამუშაო ვითარება. რექტორის კაბინეტში ქალბატონი თეა, ბატონ ზურაბ ერთად, შეხვდა აკადემიური საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

 

– მე უნივერისტეტში და უნივერსიტეტთან ვრჩები, ეს ჩემი ოჯახია, თითოეული სტუდენტი, თანამშრომელი ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნია. 8 წელია, ჩვენ ერთად მოვდივართ. ბევრი სირთულე დავძლიეთ, შევცვალეთ დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი, ის სამშვიდობო ინიციატივებისა და განათლების ცენტრად და ჰაბად ვაქციეთ. მინდა ახალ რექტორს, ქალბატონ თეას, წარმატებები ვუსურვო ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო განავითარებს ამ უმაღლეს სასწავლებელს და მას ახალ სუნთქვას შთაბერავს. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამორჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს სახელმწიფოს და მათგან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს. ამ დღეებში გვეწვევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე მოადგილეებთან ერთად. ქალბატონო თეა, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას და წარმატებებს გისურვებთ ამ უნივერსიტეტის შესანიშნავ თანამშრომლებთან ერთად, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

– დიდი მადლობა, ბატონო ზურაბ, თქვენი კეთილგანწყობისათვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტს ამ თბილი დახვედრისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე შევეცდები გავხდე თქვენი დიდი ოჯახის წევრი. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მე მოვდივარ თქვენთან ერთად ამ უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში ჩემი წვლილის შესატანად. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო ზურაბ, თქვენი შრომისთვის, თქვენ ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ ამ უნივერსიტეტისთვის და მეც, ამ მხრივ, მიადვილებთ ჩემი საქმიანობის დასაწყისს. დღეს რომ მოვდიოდი, შევშინდი, ძალიან დიდია რექტორის პასუხისმგებლობა, მაგრამ, იმთავითვე, იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის დახმარების, მხარდაჭერისა და თანადგომის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისა და მიღებისათვის, – მიმართა უნივერსიტეტის თანამშრომლებს ახლადარჩეულმა რექტორმა, ქალბატონმა თეა ჯუღელმა.

ფოტო გალერეა