სიახლეები

ახალი სასწავლო კურსი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“  ჟან მონეს მოდულის CSREU ფარგლებში (3 წლის ანგარიში)

2022 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად გახდა ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის  ბენეფიციარი (Jean Monnet Activities- ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH-CSREU) (სახელწოდება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“,  მენეჯერი - ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე). მოდული ითვალისწინებს ახალ სასწავლო კურსს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, საზაფხულო სკოლას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის  სტუდენტებისთვის და მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს  ამ მიმართულებით.  

მოდულის ძირითადი მიზანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული სწავლების განვითარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში.

სასწავლო კურსის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ მიზა­ნია სტუდენტებს გააცნოს: ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) არსი, ფორმები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები; CSR-ის ევროკავში­რის პოლიტიკა; ჩამოუყალიბოს მათ შედარებითი ანალიზისა  და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას.

2022-2023, 2023-2024, 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ ახალი სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად დაინერგა სავალდებულო საგნად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში, ხოლო უნივერსიტეტის სხვა დანარჩენი პროგრამების სტუდენტებისთვის - არჩევით საგნად; საგანი მოიცავს 50 სააუდიტორიო/საკონტაქტო  საათს, მ.შ. 30 სთ ლექციას, 15 სთ სემინარს, 2 სთ შუალედურ გამოცდას, 3 სთ ფინალურ გამოცდას). კურსი სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისთვის (თავისუფალი კომპონენტების ხარჯზე) და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის. ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე უძღვებოდა. სემინარებზე (5 სთ) მოწვეული იყო დოქტორანტი თეონა ყაჭეიშვილი.

ქვემოთ წარმოდგენილია სასწავლო კურსის ჩატარებისა და სტუდენტთა შეფასების საბოლოო შედეგები: 

მთლიანობაში 2022-2023, 2023-2024, 2024-2025 სასწავლო წლებში  სასწავლო კურსი გაიარა 561 სტუდენტმა; დადებითი შეფასება მიიღო: 326 სტუდენტმა (58,1,3 %). საგულისხმოა, რომ აღნიშნული კურსი,  2022-2023, 2023-2024, 2024-2025 აკადემიურ წლებში  სავალდებულო კურსის სახით გაიარა 75 სტუდენტმა, აქედან დადებითი შეფასება მიიღო 61 სტუდენტმა (მთლიანი რაოდენობის 81, 3%). მაღალი და კარგი შეფასება, მიიღო 31 სტუდენტმა.

პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“, რომელიც დარიგდა საქართველოს უსდ-ებში, ბიზნეს კომპანიებში. ასევე შედგა სტუდენტთა შეხვედრა მეწარმეებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ექსპერტებთან.

სასწავლო კურსის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“  ჩატარების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც სსუ-ს ვებ-გვერდზე, ასევე სხვადასხვა ჟურნალებსა თუ საინფორმაციო წყაროებში.  

ფოტო გალერეა