სიახლეები

ბულგარეთის ახალი ელჩის გაცნობითი ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წ. 7 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბულგარეთის რესპუბლიკის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ვესელინ ვალკანოვი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

საპატიო სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. მან ბულგარელ დიპლომატებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, მისი როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი ხედვა და გზა.

რექტორმა ელჩთან ისაუბრა ბულგარეთის რესპუბლიკაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის ვიზიტზე, იქ ჩატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე და მადლობა გადაუხადა მას ბულგარელი ხალხის შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

მისმა აღმატებულება ვესელინ ვალკანოვმა გაიზიარა საუნივერსიტეტო დიპლომატიის – როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმის – არსი, დაინტერესდა ბატონი ზურაბის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“-ს ბულგარული თარგმანით. სტუმართა მხრიდან აღინიშნა, რომ ბულგარეთის საელჩო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ახალ წამოწყებასა და ერთობლივ პროექტების ერთობლივი მხარდამჭერი იქნება მომავალშიც.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საელჩოს ხელშეწყობით გახსნილ ინოვაციების ლაბორატორიაში, გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას საქართველოში ბულგარეთის დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა წლების განმავლობაში ბულგარეთის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც უშუალოდ ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერის შედეგია. მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და უნივერსიტეტში ბულგარულის, როგორც არჩევითი ენის შემოტანის შესახებ.

შეხვედრაზე ბულგარული ენის პედაგოგმა ივანა პეტკოვამ, რომელიც საელჩოს ხელშეწყობის უნივერსიტეტში ბულგარულ ენას უფასოდ ასწავლის და მისმა მსმენელებმა, ბულგარულ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაცია „ბულგარეთის სახალხო მაფხიზლებლები“-ს შესახებ. წაიკითხეს ისტორიები მათ შესახებ. ასე უწოდებენ ეროვნული და კულტურული აღორძინების აქტიურ წევრებს (მასწავლებლები და სამღვდელოება), რომლებმაც XIX საუკუნეში თავიანთი მამულიშვილური მოღვაწეობით შეძლეს გაეღვიძებინათ ბულგართა ეროვნული თვითშეგნება.

დიდი მოწონება დაიმსახურა სსუ-ის საგამომცემლო ჯგუფის უფროსის, პოეტ რობერტ მესხის შესანიშნავმა ქართულმა თარგმანებმა ბულგარელი პოეტების ლირიკიდან.

ბატონმა ვესელინ ვალკანოვმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბულგარეთის საელჩოს შორის ჩამოყალიბებული მეტად ნაყოფიერი ურთიერთობა ასევე შედეგიანად უნდა გაგრძელდეს და ყველა საკითხში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანადგომა გამოუცხადა. 

ფოტო გალერეა