სიახლეები

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე 2018 წლის 26 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, პროფესორ ლია ახალაძის, ომარ არდაშელიასა და კახა კვაშილავას წარდგინებით, სსუ-ს საპატიო დოქტორად აირჩია.

 

საინიციატივო ჯგუფის წარდგინებაში ვკითხულობთ:

 

„ალექსანდრე მიქაბერძემ თსუ-ს დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა აშშ-ში ფლორიდას შტატში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2001 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2003 წელს იმავე ფლორიდის უნივერსიტეტში დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ფართოა მისი კვლევის სფერო: საერთაშორისო საჯარო სამართალი, სამხედრო და პოლიტიკური ისტორია, XVII-XIX საუკუნეების საფრანგეთი, რუსეთის იმპერია, კავკასია და საქართველო…

 

ალექსანდრე მიქაბერიძის მეცნიერული საქმიანობის ცალკე მიმართულებაა დასავლეთის ისტორიკოსებისთვის ხელმიუწვდომელი მასალების თარგმნა-გამოცემა. თარგმნილი და გამოცემული აქვს ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ალექსანდრე მიხაილოვსკი-დანილევსკის ნაშრომთა სამტომეული და მუშაობს ნაპოლეონის ომებში მოღვაწე რუსი ოფიცრების მემუარების ანთოლოგიაზე. პარალელურად იკვლევს მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის საკითხებს. მისი რედაქციით გამოვიდა 21-ტომეული – „World History Encyclopedia“, რომლის შექმნაში მონაწილეობდა 800-ზე მეტი მეცნიერი – ისტორიკოსი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი ლინგვისტი და ა.შ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეობა მიიღო, ასევე, ორტომეულის გამოცემაში ისლამური სამყაროს სამხედრო ისტორიაზე, რომელიც პირველი ენციკლოპედიაა ამ საკითხზე და მასში 750-მდე სტატიაა, მათ შორის რამდენიმე საქართველოს შესახებ.

 

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მეცნიერი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან, მათ შორის უმაღლეს სამხედრო აკადემიასთან (ვესტ პოინტი) და უმაღლეს საზღვაო სამხედრო კოლეჯთან (ნიუპორტში). ლექციებს უკითხავს ამერიკელ ოფიცრებს. ამერიკის უმაღლესმა სამხედრო აკადემიამ იგი მიიწვია, სხვა წამყვან სამხედრო ისტორიკოსებთან ერთად, სამხედრო ისტორიაზე ახალი სახელმძღვანელოს შესაქმნელად, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით (ანიმაციური რუკები, ქრონოლოგიები, სურათები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ა.შ.) იქნებოდა აღჭურვილი. ნაპოლეონის ომებისადმი მიძღვნილი თავი ალექსანდრე მიქაბერიძემ დაწერა. წიგნი უკვე დასრულებულია და გამოიყენება ვესტ პოინტში.

 

ალ. მიქაბერიძე არის დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიული საზოგადოების, ამერიკის სამხედრო ისტორიული საზოგადოებისა და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს ნაპოლეონის საზოგადოების პრეზიდენტი. ფრანგულმა ორგანიზაცია – „La Renaissance Francaise“-მა იგი ოქროს მედლით დააჯილდოვა. ეს ორგანიზაცია 1916 წელს დააფუძნა პრეზიდენტმა რაიმონდ პუანკარემ და დღესაც საფრანგეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება უწევს პატრონაჟს.

 

2012 წელს ისტორიკოს ნიკა ხოფერიასთან ერთად ალ. მიქაბერიძემ გამოსცა ნაპოლეონის პირადი მცველის, მამლუქი რუსტამის მემუარები. ამჟამად ერთობლივად მუშაობენ ახალ წიგნზე, რომელიც ნაპოლეონის მარშლებს ეხება. მომავალში ალ. მიქაბერიძე ქართულ ენაზე ნაპოლეონზე ვრცელი წიგნის დაწერასაც აპირებს. ამავე დროს აგროვებს მასალებს ქართველებზე, რომლებიც ბედის უკუღმართობით, საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებსა და სხვათა ომებში იბრძოდნენ. ჟურნალ „ისტორიანის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა (2014, ნოემბერი, N46.) სტატია ერთ ასეთ ქართველზე, მამლუქ ჟან შაჰინზე, რომელმაც თავი ისახელა ნაპოლეონის ომებში. სამეცნიერო მუშაობას ალ. მიქაბერიძე ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტის გარდა მეორე მსოფლიო ომის კვლევის ცენტრშიც აწარმოებდა. უკანასკნელ წლებში მეცნიერი დაინტერესდა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთის ჯარში ქართველების ბედით. არქივებში მოიძია მასალები საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის ქართველ კავალერებზე და 80 ათასზე მეტი მეომრის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა რამდენიმე ქართული სახელი, მათ შორის არის უცხოური ლეგიონის ქვეითთა პოლკის პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე. მისი ბიოგრაფია გამოიცა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა ქართულ ენაზეც („ისტორიანი“, 2015, მარტი, #51). მართალია ალ. მიქაბერიძე საქართველოს ისტორიის სპეციალისტი არ არის, მაგრამ საქართველო რომ მსოფლიოსთვის გაეცნო 2007 წელს გამოსცა თითქმის 750-გვერდიანი წიგნი – „საქართველოს ისტორიული ლექსიკონი“ (800-მდე სტატია), რომელშიც საქართველოს მთელი ისტორიაა მიმოხილული. წიგნი ზოგადი ხასიათისაა და მიზნად მკითხველისათვის ადვილად გასაგები ენით საქართველოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის წარმოჩენას ისახავს. 2010 წელს ეს წიგნი მეორე რედაქციით გამოვიდა. ამჯერად ლექსიკონი უკანასკნელი 10 წლის მოვლენებსაც გვაცნობს და უკვე 900 სტატიას მოიცავს.

 

საგულისხმოა, რომ ალ. მიქაბერიძე ბოლო წლებში აქტიურად სწავლობს 1918-21 წლების საქართველოს სამხედრო ისტორიას, იუნკრებისა და ქართველი ლეგიონერების უცხო ქვეყნებში მოღვაწეობას, ირანის შაჰებისა და ოსმალეთის სულთნების კარზე ქართველების საქმიანობას, ძირითადად, იმ საისტორიო წყაროებს, რომლებიც დაცულია დასავლეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში.

 

სულ ახლახან ალექსანდრე მიქაბერიძემ ამერიკაში, ბრიტანელი ისტორიკოსის პირად არქივში სულხან-საბას ლექსიკონი აღმოაჩინა…

 

2016 წელს ალ. მიქაბერიძე დასახელდა აშშ-ს წლის საუკეთესო პროფესორად.

 

ალბათ ცალკე საუბრის თემა უნდა იყოს მისი პიროვნული თვისებები: თავმდაბლობა, კომუნიკაციის მაღალი უნარი, პასუხისმგებლობა, მეცნიერებისა და სამშობლოს წინაშე, რაც ასე ნათლად გამოვლინდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 14 მაისს მის მიერ წაკითხული საჯარო ლექციის დროს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართ¬ვე¬ლოს ბევრი აღიარებული ისტორიკოსი იღწვის საზღვარგარეთის საუნივერსიტეტო ცენტრებში, მაგრამ არცერთს ესოდენი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მიგვაჩნია, რომ ის ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული ჩვენს ქვეყანაში და თუ ჩვენი უნივერსიტეტი პირველი გადადგამს ნაბიჯს, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ადამიანური რესურსის და მხარდამჭერის თვალსაზრისით დასავლეთის სამეცნიერო წრეებში. ეს იქნება არამარტო უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის დაფასება, არამედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პიარი დასავლეთის სამყაროში.

 

შესაბამისად, ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, შემოვდივართ წინადადებით, რათა ლუიზიანას უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ალექსანდრე მიქაბერიძეს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის, კონკრეტულად, საერთაშორისო საჯარო სამართლის, სამხედრო და პოლიტიკური ისტორია, მათ შორის საქართველოს სამხედრო ისტორიის, XVII-XIX საუკუნეების საფრანგეთის, რუსეთის იმპერიის, კავკასიისა და საქართველოს კვლევების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება“.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ამერიკის ისტორიის  გილდერ ლემანის ინსტიტუტმა ალ. მიქაბერიძეს – წიგნისთვის „ნაპოლეონის ომები: გლობალური ისტორია“ (Oxford University Press, 2020) სამხედრო ისტორიის სფეროში 2020 წელს გამოცემული საუკეთესო ინგლისურენოვანი წიგნისთვის პრემია მიანიჭა.

 

სამწუხაროდ, კოვიდის გლობალური პანდემიის გამო, პროფესორმა ალექსანდრე მიქაბერიძემ სამშობლოში ჩამოსვლა მხოლოდ ახლახანს შეძლო. 14 ივლისს ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მიიღო და პირადად გადასცა სსუ-ის საპატიო დოქტორის დამადასტურებელი დიპლომი.

 

შეხვედრაზე რექტორი სტუმარს ესაუბრა საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, სიახლეებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე. ალ. მიქაბერიძის ინტერესი გამოიწვია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეამ და ამ სიახლის პრეზენტირებამ საერთაშორისო ასპარეზზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის თქმით, რექტორ ზურაბ ხონელიძის მიერ წარმოდგენილი მშვიდობის ქართული პარადიგმა, როგორც სიახლე საერთაშორისო ურთიერთობებში, მკვლევართა და დიპლომატთა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და ის მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ისე – სამშვიდობო პროცესების თვალსაზრისით.

 

ფოტო გალერეა