სიახლეები

დაჯილდოვდა პროფესორი ოთარ ჟორდანია

2024 წლის 4 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სტუდენტი ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდისა და ქართული განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მშვიდობიანად დარეგულირების უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის, აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, ცნობილი მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა.

 

პროფესორი ო. ჟორდანია 1993-2005 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორი გახლდათ; 2005 წლიდან დღემდე კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველია.

 

სამწუხაროდ, ბატონი ოთარი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალმა ჯილდო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს გადასცა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლიერია ბატონი ოთარ ჟორდანიასი, რომელმაც 1993 წლის მიწურულიდან, აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებულთა ცხოვრებასა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთ ურთულეს წლებში ყველაფერი გააკეთა საუნივერსიტეტო ცხოვრების გასამართავად. ის მხარში ედგა ყოველ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს და ცდილობდა მათთვის, ასე თუ ისე, შესაფერისი გარემო შეექმნა სწავლისა და სწავლებისთვის. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტს, თავდაპირველად, საკუთარი შენობაც კი არ გააჩნდა და თბილისის სხვდასხვა უბნის სკოლებში იყო გაფანტული. სწორედ, ბატონი ოთარის რექტორობის დროს შეძლო ჩვენმა უნივერსიტეტმა პირველი შენობის შეძენა და თბილისში, დროებით, საკუთარი მისამართიც დაიმკვიდრა. ჩვენი თანამშრომლების დიდმა ნაწილმა სწორედ იმ წლებში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. ბატონი ოთარი ჩვენი უნივერსიტეტის სიამაყეა, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სსუ-სა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

ფოტო გალერეა