სიახლეები

დოქტორი ნუცა კობახიძე: „საქართველოსათვის და ყოველი ქართველისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე – უნივერსიტეტი“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მხარდაჭერით, 2020 წლის 24 აპრილს, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორმა, ჩვენმა თანამემამულემ, განათლების მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა ნუცა კობახიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის გამართა  online-საჯარო ლექცია online-სწავლებასთან დაკავშირებით: „ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ონლაინ-სწავლების გამოცდილების შესახებ“.

ქალბატონმა ნუცამ ლექციის დასაწყისში აღნიშნა, რომ, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა (ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ფინალური გამოცდების პერიოდი ახლოვდება), უარი ვერ თქვა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, რადგან, მისი თქმით, „საქართველოსათვის და ყოველი ქართველისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე – უნივერსიტეტი“.

აღნიშნული ონლაინ-საჯარო ლექცია Zoom-პლატფორმის საშუალებით გაიმართა. ვინაიდან ზუუმის უფასო ვერსია მხოლოდ 40-წუთიანი კონტაქტის საშუალებას იძლევა და ლექციაც სწორედ ამ ხანგრძლივობით იყო გათვალისწინებული, ქალბატონმა ნუცამ სსუ-ს შესთავაზა მისი პლატფორმის გამოყენება და ლექციამ, ადრე დაგეგმილი ქრონომეტრაჟის ნაცვლად, საათ-ნახევარი გასტანა.

მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ჰონგ-კონგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოკლედ ისაუბრა მის ისტორიაზე, აკადემიურ და ტექნოლოგიურ მოცემულობაზე. დასახელებული უსდ, რომელშიც 22 000 სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი) სწავვლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში 25-ე ადგილს იკავებს 2019 წლის მოცემულობით, ხოლო მისი განათლების ფაკულტეტი, სხვადასხვა უნივერსიტეტების განათლების ფაკულტეტებს შორის, მე-4 ადგილზეა.

ქალბატონმა ნუცამ, მისი უნივერსიტეტის ონლაინ-სწავლების გამოცდილებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ჰკსუ 1998 წლიდან მუშაობს სწავლებისას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემაზე და, აღნიშნულ ფორს-მაჟორსაც, გარკვეულ წილად, მზად შეხვდა, რადგან პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენებს წვდომა აქვთ უნივერსიტეტში არსებულ ყველა ციფრულ ტექნოლოგიასთან. ამასთან ერთად, ბიბლიოთეკაში არსებული ყველა გამოცემა გაციფრულებულია. აქედან გამომდინარე, მკვლევარებსაც და სტუდენტებსაც ამ ბაზით შეუზღუდავად შეუძლიათ სარგებლობა, რათა არ შეწყდეს მათი კვლევითი საქმიანობა.

ჰონგ-კონგის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველანაირ პირობებს უქმნის პროფესორებსა და სტუდენტებს, რათა მათ საქმიანობა უხარვეზოდ წარიმართოს. ამასთან ერთად, ონლაინ-სწავლების პირობებიდან გამომდინარე, სტუდენტებს შეეთავაზათ თავად აერჩიათ საბოლოო შეფასების სისტემა: ქულები თუ ჩათვლა (ეს უკანასკნელი, ბუნებრივია, GPA-ში არ აისახება). სტუდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ქულები აირჩია.

ქალბატონმა ნუცამ აუდიტორიას გაუზიარა მისი გამოცდილება Zoom-პლატფორმით ონლაინ-ლექციების ჩატარებისა, დაასახელა სხვადასხვა უფასო პროგრამები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს პედაგოგმა ამგვარი სწავლების პირობებში. დოქტორმა ნ. კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შექმნა ჯგუფი „Online სწავლება საქართველოში“, რომელშიც გაერთიანებული არიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე პედაგოგები და ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ძალზედ საინტერესო ონლაინ-ლექციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. მომხსენებელს კითხვები დაუსვეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭარავამ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ფილოლოგიის დოქტორმა ნინო მაშიამ; საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ; საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ხატია რუხაძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო სსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ.

ფოტო გალერეა