სიახლეები

ექიმ ლევან რატიანის სტუმრობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020 წლის 22 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით უნივერსიტეტს ეწვია და აკადემიურ პერსონალს შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, რომელსაც სოხუმის უნივერსიტეტელები ტაშით შეხვდნენ.

 სტუმარს მიესალმა რექტორი ზ. ხონელიძე, რომელმაც ისაუბრა კოვიდ-19-ს პანდემიის წინააღმდეგ ქართველ მედიკოსთა პროფესიონალური ბრძოლის შესახებ და განსაკუთრებით გამოჰყო ახალგაზრდა და აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი ქართველი ექიმის – ლევან რატიანის წვლილი. რექტორმა ხაზი გაუსვა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის დამსახურებას ქართული მედიცინის განვითარებაში.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ლევან რატიანს მიესალმა აკადემიკოს ვ. ბოჭორიშვილის ქალიშვილი, ქალბატონი ლალი ბოჭორიშვილი.

 სტუმარმა მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გულთბილი და ამაღელვებელი შეხვედრისათვის: „ამ უნივერსიტეტს, ბატონო რექტორო, პროფესორ-მასწავლებლებო, ვუსურვებ ყოველივე სიკეთეს. ალბათ როგორც თქვენი, ასევე ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ მომდევნო შეხვედრაზე ერთმანეთს ამ უნივერსიტეტის სახელწოდების ტერიტორიაზე შევხვედროდით და ერთმანეთისათვის მიგველოცოს ქართული სახელმწიფოს წარმატება და გამარჯვება“.

 ლ. რატიანმა ისაუბრა პანდემიის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა მთავრობისა და მედიკოსთა რეკომენდაციებს, რითაც ხელი შეუშალა ვირუსის მასობრივ გავრცელებას ქვეყანაში. შემდგომ მან პასუხი გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებს.

 შეხვედრის დასასრულს სტუმრისადმი და, ზოგადად, ქართველი ექიმებისადმი პატივისცემა გამოხატეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა იური პაპასქუამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ.

ფოტო გალერეა