სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებული კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი „აფხაზეთის ონომასტიკური ინდექსი“. ნაშრომში პირველად ქვეყნდება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აფხაზეთის ეპარქიის მეტრიკული წიგნების ცნობები, რომლებიც 1858–1862 წლებში აფხაზეთში მცხოვრებთა სახელებს, გვარებსა და საცხოვრებელ ადგილებს ასახავს.
წიგნის ავტორები არიან ფილოლოგიის დოქტორები სოფიკო ჭაავა და ნატო შავრეშიანი და ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა. გამოცემის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე.
ინდექსში გვარები ანბანის მიხედვითაა დალაგებული. თითოეულ გვართან მითითებულია შესაბამისი ადგილის სახელწოდება და პირთა სოციალური სტატუსი. ქალთა და მამაკაცთა სახელები ცალ-ცალკეა დაჯგუფებული. წიგნში ასევე შესულია ტოპონიმების ანბანური საძიებელი.
დანართში მოცემულია იმ პერიოდში აფხაზეთში მოქმედი ეკლესიების სახელწოდებები, იქ მოღვაწე სასულიერო პირთა სია და მეტრიკულ წიგნებში აღრიცხული ადგილობრივ მცხოვრებთა გარდაცვალების მიზეზები. ეს საარქივო მასალა სტუდენტებს, მკვლევრებსა და აფხაზეთის წარსულით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ როგორც გვარების გეოგრაფიული გავრცელება, ისე XIX საუკუნის შუა ხანების აფხაზეთის საზოგადოებრივი და რელიგიური ცხოვრება.
ნაშრომი 2025–2026 წლებში მომზადდა. კვლევითი პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა (გრანტი № OTG-I-25-909).
